პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" დაარეგისტრირა
პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა და მათი შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა.
ბიურომ დაარეგისტრირა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი", რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვან თარგმანს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნება".
„ამ საკანონმდებლო ინიციატივის არსი ის არის, რომ იგი წარმოადგენს ამერიკული „ფარას" სიტყვა-სიტყვით თარგმანს. შემდეგში, საპარლამენტო განხილვის პროცესში, მოხდება კანონპროექტის შესაბამისი ტერმინოლოგიის ქართულ სამართლებრივ სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენით, ნებისმიერი ყალბი, ცრუ ნარატივი, რომელსაც შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდნენ ქართულ კანონებთან დაკავშირებით, დასრულებულია. შესაბამისად, დასრულდება ნებისმიერი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, გუნდის მიერ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონის ინიციირების შესახებ, რათა კანონთან დაკავშირებით არანაირი გაუგებრობა არ იყოს. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, დამატებით მთელ რიგ კანონებში საჭირო გახდება ცვლილებების შეტანა, რათა განისაზღვროს ის ორგანოები, რომლებიც საქართველოს რეალობიდან გამომდინარე პასუხისმგებელი იქნებიან კანონის აღსრულებაზე.
ბიუროზე ინიციირებულია ასევე კანონპროექტები: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „მაუწყებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „გენდერული თანასწორობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ", „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ".
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.13:58
თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელები მოეწყო, ამ ეტაპზე კი 4 000 კვ. მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე იხარჯება.
„მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. აქ წლების წინ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა - მანქანით გავლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო და არ არსებობდა არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაცია. მოსახლეობას დავპირდით, რომ დავიწყებდით პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებში მოეწყობოდა ყველა საჭირო მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდებოდა საგზაო ინფრაქტრუქტურა და იმოძრავებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დღეისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ხვანჭკარის ქუჩაზე. პროექტი მიმდინარეობს შოვის ქუჩაზეც, თუმცა სამუშაოებს ამით არ ვამთავრებთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ქუჩა და ჩიხია მოსაწესრიგებელი. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ვახორციელებთ ძალიან საჭირო პროექტს ზედა დასახლებაში - ეწყობა სანიღვრე სისტემა, მონტაჟდება კოლექტორი, რომელიც ბორჯომის ქუჩაზე იქნება დაერთებული. სამუშაოებს ვაგრძელებთ და გვინდა, უახლოეს მომავალში აღნიშნული დასახლება სრულად მოვიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე, ვარდისუბნის IV შესახვევში, ნეკრესის, დაისის, ბორჯომის, ვანისა და ბორითის ქუჩებზე გზის მოწესრიგება უკვე დასრულდა. რვავე ქუჩაზე, მთლიანად შვიდ კილომეტრამდე საგზაო მონაკვეთი, 30 000კვ. მეტრი ფართობი რეაბილიტირდება, რისთვისაც გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 4 000 000 მილიონამდე ლარი იხარჯება. საგზაო სამუშაოებამდე ტერიტორიაზე მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელებიც.
გარდა ამისა, გამგეობა კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს გეგმავს, რომელზეც დაერთდება ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთისა და შემდგომში დაგეგმილი სხვა ქუჩების სანიაღვრე სისტემები. უკვე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი.
ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე და პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გაეცნენ.