პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშს მოისმენს
დღეს პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშს მოისმენს. კანონმდებლებს ანგარიშს უწყების ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი წარუდგენს.
ანგარიში შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და კონტრდაზვერვით საქმიანობას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართლებრივი ბაზის განვითარებას და სასამართლოებთან ურთიერთობას, პერსონალურ მონაცემთა დაცვას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და უწყებათაშორის კოორდინაციას, ასევე, მდგრადობასა და ინსტიტუციურ განვითარებას.
მმართველი გუნდი სუსი-ს მიერ გაწეულ მუშაობას დადებითად აფასებს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი გაიმართება.
„ანგარიშში წარმოდგენილია რეგიონში მიმდინარე პროცესები. იქნება გაკეთებული ანალიზი უსაფრთხოების თვალსაზრისით, იქნება საუბარი გამოწვევებზე. ჩვენ მანამდე არაერთი მოსმენა გვქონდა როგორც კომიტეტში, ასევე ნდობის ჯგუფის ფორმატში და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დადებითად ვაფასებთ მათ საქმიანობას. ეს არის ძალიან მაღალპროფესიული გუნდი, რომელიც უმაღლესი სტანდარტებით ასრულებს თავის მოვალეობას როგორც ქვეყნის შიგნით (ამ გადატრიალების მცდელობების თვალსაზრისით) ასევე ტერორიზმის კუთხით“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.06.2025.12:36
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების დელეგაციას შეხვდა, რომელშიც დიდი ეროვნული კრების უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის წევრები შედიან.
მხარეებმა განიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული და დაძაბული ვითარება. აღინიშნა თურქეთის მნიშვნელოვანი როლი მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას სატრანსპორტო-სატრანზიტო კუთხით.
საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საკითხს და, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ვიზიტს თურქეთში.
შეხვედრაზე აღინიშნა თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატების როლი. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე იგეგმება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. აღინიშნა გასულ კვირას შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ განხორციელებული ნაყოფიერი ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.
ყურადღება გამახვილდა აქტიურ გაცვლებზე საპარლამენტო დონეზე, მათ შორის, კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის.
თურქულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ და საქართველოს პარლამენტში თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ჭყონიამ.