ოთარ გრიგოლია: „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სიძულვილში გადაგეზარდათ
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც ოთარ გრიგოლიამ აღნიშნა, ისინი ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას.
„ტყუილია, რომ 240 მილიონი ლარი არის აუთვისებელი თანხა. მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ თბილისის ბიუჯეტში წინა წლის ნაშთი ყოველწლიურად დაახლოებით ერთნაირი პროპორციულობით აისახება, რაც ნორმალური საბიუჯეტო პროცესია. ნაციონალური მოძრაობა კი ამის თაობაზე ყოველწლიურად ატარებს ბრიფინგს და ჩვენც ყოველწლიურად გვიწევს ერთი და იმავე პასუხის გაცემა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა კომუნიკაციის ეს გზა აირჩიეს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ მოსწონთ ის პრიორიტეტები, რომელთა მიხედვითაც ნაწილდება თანხა.
„ავტობუსების შეძენა არ მოგწონთ, ვერის პარკის და ვაკის პარკის მშენებლობა, გლდანის ტბის რეაბილიტაცია, თუ რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომელია თქვენთვის მიუღებელი? იქნებ სოციალური მიმართულებით ბიუჯეტის ზრდა არ მოგწონთ? ჩვენსა და თქვენ შორის განსხვავება ქალაქის სიყვარულშია. თქვენ არ გიხარიათ ის სიკეთეები, რომლებიც ქალაქისთვის კეთდება. თქვენ გიხარიათ ის, რაც ამ ქალაქსა და ამ ქვეყანას დააზიანებს. ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სიძულვილში გადაგეზარდათ“, - აღნიშნა ოთარ გრიგოლიამ.
ოთარ გრიგოლიას თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის მიზეზი მათივე ნეგატიური დღის წესრიგია. „არ სჯერა მოსახლეობას, რომ მათ ეს ქვეყანა უყვართ. „ქართული ოცნება“ გააგრძელებს არჩეული მიმართულებით სვლას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დარჩება სამ ნაწილად დაშლილი“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ოთარ გრიგოლიამ.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
სომხეთში მთავრობის წევრებთან შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით - მარიამ ქვრივიშვილი
20.02.2026.17:50
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, ისევე როგორც ახალი გეგმების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირებს,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ერთდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანს, ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანსა და ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანს შეხვდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხეთის მთავრობის წევრებთან საუბარი წარიმართა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ტურიზმზე, ავიაციაზე, ტრანსპორტზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა რკინიგზაზე.
„შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციას უშუალოდ სიმბოლური ტარიფის დაწესების თვალსაზრისით, რაც აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ხელშეწყობას უზრუნველყოფს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, სომეხ კოლეგებთან შეხვედრებზე ასევე საუბარი წარიმართა ენერგეტიკის სექტორში ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. „აღნიშნული გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული ვაჭრობას, ექსპორტ-იმპორტს, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული ქვეყნის როლს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც სომხეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტს, ასევე ტრანზიტს საქართველოს გავლით," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება, რაზეც მაღალი დონის შეხვედრებზე გაამახვილეს ყურადღება, ვაჭრობა იყო. „ჩვენ გვინდა ვიხილოთ მეტი ქართული პროდუქცია სომხეთში და ამისთვის განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან. ვფიქრობთ, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტის მზარდ დინამიკას ვიხილავთ," - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.