ოპტიმიზაცია გაგრძელდება არა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში და მთლიანობაში შევძლებთ 100 მილიონზე მეტის დაზოგვას, რაც თავიდან ბოლომდე ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება - ირაკლი კობახიძე
რკინიგზასა და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ოპტიმიზაციით ჩვენ შევძელით მინიმუმ 52,5 მილიონი ლარის დაზოგვა და ეს არის კონკრეტული შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, განახლება ნებისმიერ სისტემას სჭირდება და ცვლილებები მათ შორის ამ მიზანს ემსახურება.
„ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ზოგადად ვერ გამოვრიცხავთ. ყველა ცვლილება წაადგა შესაბამისი დარგების სწორი მიმართულებით განვითარებას. ამ მაგალითზე ვისაუბრე, როდესაც საზოგადოებას წარვუდგინე მონაცემები რკინიგზასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ განხორციელდა ცვლილებები, ჩვენ მარტო რკინიგზასა და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში შევძელით 52,5 მილიონი ლარის დაზოგვა. ეს არის მინიმალური მაჩვენებელი. ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც იყო ცუდი და ვიღაც არის კარგი. განახლება სჭირდება ნებისმიერ სისტემას და ჩვენ ვზრუნავთ განახლებაზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში რეალურად არ არის ოპოზიცია, ოპოზიცია უნდა ასრულებდეს სინამდვილეში იმ როლს, რასაც ჰქვია ხელისუფლების ფორმაში ყოფნა. ოპოზიცია ქვეყანაში არ არის, ასეთ დროს, იძულებული ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში, ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე და ამან უკვე მოიტანა კონკრეტული შედეგები. 52,5 ლარი დაიზოგა მარტო ენერგეტიკის სექტორში და რკინიგზის სფეროში. რაც შეეხება ოპტიმიზაციას, როდესაც პროცესები გაგრძელდება არა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში, მგონია, რომ მთლიანობაში შევძლებთ 100 მილიონს გადავცდეთ ოპტიმიზაციის ნაწილში, რაც მოხმარდება თავიდან ბოლომდე ეკონომიკურ განვითარებას", - განცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ - ლაშა ავალიანი
02.04.2026.17:06
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე.
„უკვე სტერილურ და მიკედლებულ ცხოველს ადგილზე ჩაუტარდება ვაქცინაცია და შეფასდება მისი მდგომარეობა, ხოლო არაიდენტიფიცირებული და არასტერილური ცხოველების გადაყვანა მოხდება და მათი რაოდენობა ყველა დაინტერესებულ პირს ეცოდინება. ისინი ასევე ინფორმირებულები იქნებიან გეგმა-გრაფიკის მიხედვით ამ ცხოველების დაბრუნების თაობაზეც, რომ კითხვის ნიშნები არ იყოს რა რაოდენობით წაიყვანეს და რა რაოდენობით დააბრუნეს, როგორც არის ახლა ზუგდიდის მაგალითზე - ხვალ უკვე დადასტურებულად ეცოდინება ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ 57 წაყვანილი ძაღლიდან, 57-ვე ეტაპობრივად დაბრუნდა იმავე ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ცხოველების მეპატრონეების პასუხისმგებლობის საკითხზე.
„მიმდინარე წელს, რეგიონების მიხედვით, მოხდება გარკვეული რაოდენობის ცხოველების სტერილიზაცია და კასტრაცია, ხოლო მომავალი წლიდან ეს ვალდებულება უკვე მეპატრონეს ექნება. სწორედ ამ გზით მივაწოდებთ ინფორმაციას პატრონიანი ცხოველების მფლობელებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არიან მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი წყარო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ფარგლებში, ცოფის საწინააღმდეგო მასიური ვაქცინაციის პარალელურად, მოხდება პატრონიანი ცხოველების იდენტიფიკაცია, წინასწარი მონაცემებით იდენტიფიკაციას დაახლოებით 102 000 ცხოველი გაივლის, რაც ძალიან შთამბეჭდავი და ამბიციური გეგმაა“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.