ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 82 ხმით მიიღო „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები.
საკითხზე მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ცვლილებები ეხება მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას - ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას, გადაზიდვა-გადაგზავნას, რეალიზაციას და კულტივაციას.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ცვლილებები არ ეხება ამ საშუალებების მოხმარებას.
კანონპროექტის თანახმად, მცირე ოდენობით კანაფის - 10 გრამამდე, მარიხუანას - გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლის - 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში იგივე ქმედება გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში - 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში - 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში - 10 გრამიდან 140 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
16.04.2026.15:15
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.