ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან, პარტნიორობის გაფართოება ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - პრემიერი
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრ აჰმედ ბინ ალი ალ საიეღთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნისთვის.
„პარტნიორობის გაფართოება ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შეხვედრისას მადლობა გადავუხადე სახელმწიფო მინისტრს არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან საქართველოს კერძო სექტორისადმი გამოხატული ინტერესისთვის, ასევე მშრალი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციებისთვის.
საქართველო სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნისთვის, შესაბამისად, ეს პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად და რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.06.2025.13:12
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მონაწილეობა მიიღო. ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნეს, ორი დღის განმავლობაში ისეთ თემებს განიხილავენ როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა და სხვა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ფორუმის ფარგლებში, ადგილობრივი პოლიტიკის დღის წესრიგი და საერთაშორისო პოლიტიკური ასპექტები განიხილება. ზურაბ აბაშიძის თქმით, საერთაშორისო პოლიტიკური ასპექტების მიმოხილვა მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს, თავიანთი როლი გლობალური ტენდენციების შესაბამისად გაიაზრონ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტების არარსებობის გარდა, მშვიდობა არის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ თანასწორობას, სოციალურ სამართლიანობას, შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და მისივე თქმით, ამ პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ.
„თანამედროვე სამყაროში, როდესაც ქვეყნების ეკონომიკები მეტად ურთიერთდაკავშირებული და ინტეგრირებულია ერთმანეთთან, ნებისმიერი ცვლილება საერთაშორისო დონეზე პირდაპირ, ან ირიბად ადგილობრივ ეკონომიკაზე აისახება. ამიტომ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო პოლიტიკური ასპექტების მიმოხილვა მუნიციპალიტეტებს საშუალებას მოგვცემს, ჩვენი როლი გლობალური ტენდენციების შესაბამისად გავიაზროთ და მოვემზადოთ როგორც გამოწვევების საპასუხოდ, ისე შესაძლებლობებისთვის, იქნება ეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, თუ კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ეს პროცესი კი სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია.
თვითმმართველობას, იმ გადაწყვეტილებებით და იმ სერვისებით, რასაც ის ყოველდღიურად აწვდის, ასევე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო ადგილობრივ ეკოსისტემაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გადაწყვეტილებებით უზრუნველვყოთ ხელსაყრელი პირობები ეკოსისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის; იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესთან და აკადემიურ წრეებთან ეფექტიანი თანამშრომლობით, შევქმნათ საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ახალი სერვისები“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს ზურაბ აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დისკუსიები, იდეები და დასკვნები პრაქტიკულ შედეგებად იქცევა, როგორც კვლევებში, ისე პოლიტიკის ფორმირებასა და კონკრეტულ მუნიციპალურ გადაწყვეტილებებში. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ფორუმის ორგანიზატორებს, მონაწილე ინსტიტუტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათმა ჩართულობამ და ცოდნამ ეფექტიანი პლატფორმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება. ფორუმში საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.