მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ აზერბაიჯანმა და საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში - აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი
„აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენი საერთო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ენერგეტიკული სექტორი, გვაქვს გრძელვადიანი პროექტები და ძალიან ფართო თანამშრომლობა ამ მიმართულებით" - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-11 მინისტერიალში.
მინისტრის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს აკავშირებს. შაჰბაზოვის განცხადებით, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასრულება მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება, რაც უკვე ახალ პერსპექტივას შექმნის ინვესტიციებზე დისკუსიის დასაწყებად.
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ენერგორესურსები, კერძოდ, ელექტროენერგია, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ევროკავშირში გავაგზავნოთ და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში" - აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა.
თბილისში გამართულ მე-11 მინისტერიალში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდენ. ღონისძიებას ასევე აღნიშნული ქვეყნების ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ - თამარ იოსელიანი
10.12.2025.16:14
საქართველო საგზაო ტრანსპორტის რეგულირების უმსხვილესი ევროპული ორგანიზაციის CORTE-ს სრულფასოვანი წევრი გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, CORTE-ს წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, უფრო სანდოს და კონკურენტულს გახდის ჩვენს ქვეყანაზე გამავალ საერთაშორისო საგზაო დერეფანს. „თუ ჩვენ ვსაუბრობთ მდგრად, დივერსიფიცირებულ და ეფექტურ მარშრუტებზე, აქ შუა დერეფანი და შესაბამისად, მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - საქართველო, უალტერნატივოა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა მოკლე ვადაში, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის თქმით, ინტერმოდალური გადაზიდვების სექტორში მნიშვნელოვანი ადგილი საავტომობილო ტრანსპორტს უკავია, რომლითაც ტვირთების გადაზიდვის სექტორში საქართველოს მდგრადი დინამიკა აქვს. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ სწორი რეგულირება, რათა სწრაფად და უსაფრთხოდ მოხდეს ტვირთების გადაზიდვა და დავიცვათ საგზაო უსაფრთხოების ნორმები. სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა ევროპულ ორგანიზაცია CORTE-ში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ისინი დინამიურად აისახოს კანონმდებლობაში", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
CORTE - ში საქართველოსთან ერთად 31 ქვეყნის საგზაო ტრანსპორტის 35 მარეგულირებელი ორგანიზაცია, პროფილური ასოციაციები და კერძო კომპანიები არიან გაწევრიანებული. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობების განსაზღვრა, ტაქოგრაფი, ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა, მძღოლთა მობილობა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები, საგზაო უსაფრთხოება და სხვ.