„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება ხორციელდება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი.
„კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
„განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ - ჩანაცვლდება ტერმინით - „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“, რაც უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების შინაარსობრივ დაზუსტებას, გაფართოებასა და მისი ეფექტიანობის ზრდას. კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისათვის, გავრცელდება აგრეთვე განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტზე. უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, ამასთან, მომზადდა მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში - 40,000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნა მან.
სხვა სიახლეები
ფასებზე მომუშავე საპარლამენტო კომისია პირველივე სასესიო კვირაში ჩამოყალიბდება - ირაკლი კირცხალია
29.01.2026.00:11
პირველივე სასესიო კვირაში ჩამოყალიბდება [ფასებზე მომუშავე საპარლამენტო] კომისია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
„ამ კომისიას ბატონი შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს, მას ბიზნესში უდიდესი გამოცდილება აქვს და აქვს ძალიან დიდი კვალიფიკაცია ზოგადად ბიზნესის კუთხით. დარწმუნებული ვართ, ამ კომისიას მისი კვალიფიკაცია ძალიან გამოადგება. თითოეული წევრი, რომელიც ამ კომისიაში იქნება, იქნება საკმაოდ კვალიფიციური და საკმაოდ კვალიფიციურად წავა მსჯელობა და კვლევა ყველა იმ საკითხზე, რაც დაანონსებული გვაქვს“, - აღნიშნა კირცხალიამ.