მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრდა საქართველოში უცხოელების დასაქმების პირობები, დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები, ამ კანონის სათანადოდ აღსრულება ჩვენი პასუხისმგებლობაა - ირაკლი კობახიძე
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, თქვენს მიერ მიღებული კანონით, გამკაცრდა საქართველოში უცხოელების დასაქმების პირობები და აქ მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდა, მნიშვნელოვანია ამ კანონის სათანადოდ აღსრულება, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას თავიდან ბოლომდე უზრუნველვყოფთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა შსს-ში მიგრაციის დეპარტამენტის ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერების კუთხით.
„ჩვენ, რამდენიმე დღის წინ, მოვინახულეთ მიგრაციის დეპარტამენტის სრულიად ახლად აშენებული შენობა, გვაქვს ახალი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომლითაც არის მიგრაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფილი და ასევე მინდა, მოგახსენოთ, რომ რამდენჯერმე გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობა, სულ 9 თანამშრომელი იყო დაკავებული მიგრაციის საკითხებით, გასაგებია, რომ ასეთ პირობებში რთული იყო შედეგების მიღწევა. რამდენჯერმე გაიზარდა ეს მაჩვენებელი, რაც მოგვცემს უკანონო მიგრაციასთან ეფექტიანად ბრძოლის შესაძლებლობას. ასევე, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს სასაზღვრო პოლიციის ტექნიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია, უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მზადდება მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივები,"- განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
16.04.2026.15:15
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.