მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ - თამარ იოსელიანი
საქართველო საგზაო ტრანსპორტის რეგულირების უმსხვილესი ევროპული ორგანიზაციის CORTE-ს სრულფასოვანი წევრი გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, CORTE-ს წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, უფრო სანდოს და კონკურენტულს გახდის ჩვენს ქვეყანაზე გამავალ საერთაშორისო საგზაო დერეფანს. „თუ ჩვენ ვსაუბრობთ მდგრად, დივერსიფიცირებულ და ეფექტურ მარშრუტებზე, აქ შუა დერეფანი და შესაბამისად, მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - საქართველო, უალტერნატივოა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა მოკლე ვადაში, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის თქმით, ინტერმოდალური გადაზიდვების სექტორში მნიშვნელოვანი ადგილი საავტომობილო ტრანსპორტს უკავია, რომლითაც ტვირთების გადაზიდვის სექტორში საქართველოს მდგრადი დინამიკა აქვს. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ სწორი რეგულირება, რათა სწრაფად და უსაფრთხოდ მოხდეს ტვირთების გადაზიდვა და დავიცვათ საგზაო უსაფრთხოების ნორმები. სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა ევროპულ ორგანიზაცია CORTE-ში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ისინი დინამიურად აისახოს კანონმდებლობაში", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
CORTE - ში საქართველოსთან ერთად 31 ქვეყნის საგზაო ტრანსპორტის 35 მარეგულირებელი ორგანიზაცია, პროფილური ასოციაციები და კერძო კომპანიები არიან გაწევრიანებული. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობების განსაზღვრა, ტაქოგრაფი, ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა, მძღოლთა მობილობა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები, საგზაო უსაფრთხოება და სხვ.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
30.04.2026.18:06
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს საიდ ალ-ჰაჯერის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, რომელიც აქტიურად ვითარდება. ხაზგასმით აღინიშნა გასულ წელს არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ვიზიტის მნიშვნელობა ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებაში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობას, ასევე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო რეჟიმისა და ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი სტიმულირებისთვის. ხაზგასმით აღინიშნა Eagle Hills-ის 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ ზრდას.