მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე - აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი
მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პერნსიაზე, - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი.
„მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პერნსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.
ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია.
მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას.
მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ", - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.06.2025.17:27
თბილისში მიმდინარე მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაში - ისტორიის დაბრუნება: საქართველო მრავალპოლარული სამყაროს პირობებში - რეალისტური და ცივილიზაციური ხედვა პატარა სახელმწიფოს გადარჩენისთვის, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ მიიღო მონაწილეობა. თავის გამოსვლაში, ოთარ გრიგოლიამ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებზე და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არჩევანზე ისაუბრა.
„საქართველოს სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და არ აჰყვა იმ ისტერიას, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო. ჩვენი გადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მე მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, სწორ გზაზე დგომისთვის, რომელსაც სუვერენიტეტისკენ მიმავალი გზა ჰქვია. სესიაზე გამომსვლელებს და დამსწრე საზოგადოებას კარგად ესმით, რომ ჩვენს მიერ არჩეული გზა სწორი იყო, თუმცა რთულად განსახორციელებელი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის სუვერენიტეტის მოპოვება. დაახლოებით 5 წლის წინ თბილისში მსგავსი დისკუსიის წარმართვა შეუძლებელი იქნებოდა, ჩვენ ამის უფლება არ გვქონდა. მაგრამ დღეს მოვიპოვეთ უფლება ხმამაღლა ვისაუბროთ მსგავს საკითხებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯები გადავდგით იმისკენ, რომ რაციონალური, სწორი გზები დავსახეთ სამეზობლო პოლიტიკის განსახორციელებლად.
სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს ერთი მხრივ, არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში და მეორე მხრივ, ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე ვიფიქროთ,“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
პანელურ სესიაში საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლები, ევროპელი პოლიტოლოგები მონაწილეობდნენ.
მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი 5 ივნისს გაიხსნა. ფორუმზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ინოვაციების, განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და განვითარების, ცირკულარული ეკონომიკის, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტენდენციების, 8000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობისა და სხვა თემების შესახებ იმსჯელეს.
თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.