მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით - კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმება ფაქტს, რომ ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხში ბიზნესიც ჩართულია და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იზიარებენ. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
„მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით. ზოგადად ფასების დასტაბილურების საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთან. ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. რა თქმა უნდა, ბიზნესი თავისუფალია, ხელშეუხებელია და მას არავინ ეხება, თუმცა ფასების დარეგულირების საკითხში მათი ჩართულობა და თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, კახა კალაძის თქმით, ამ შედეგების ეჭვქვეშ დაყენება სასაცილოა, რადგან არსებობს საერთაშორისო სტატისტიკა და შესაბამისი დასკვნები.
„საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად აქვეყნებენ სტატისტიკას ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ამის ეჭვქვეშ დაყენება სასაცილო მგონია. ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის. შეიძლება ეს ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ, მაგრამ რეალობა ასეთია. ცხადია, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, ვისაც ეკონომიურად უჭირთ, თანადგომა სჭირდებათ. მე როგორც დედაქალაქის მერმა, შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტს აქვს უამრავი სპეციალური პროგრამა. ვიდრე ასეთი ოჯახები არსებობენ, ჩვენ მათ ყოველთვის გვერდით დავუდგებით. ყველაფერი შედარებითია. გადავხედოთ წინა წლებს, შევადაროთ რამდენი გაჭირვებული ადამიანი იყო, ახლა რამდენია. იმის ილუზია არავის გვაქვს, რომ ქვეყანაში ყველაფერი საუკეთესოდ არის და გულზე ხელის ბჯენით ვთქვათ: აუ, რა მაგრები ვართო. ცხადია, ასე არაა და ჩვენ უფრო უკეთესი შედეგები და ქვეყნის მეტად ეკონომიკური წინსვლა გვინდა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სხვა სიახლეები
ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ - ლაშა ავალიანი
02.04.2026.17:06
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე.
„უკვე სტერილურ და მიკედლებულ ცხოველს ადგილზე ჩაუტარდება ვაქცინაცია და შეფასდება მისი მდგომარეობა, ხოლო არაიდენტიფიცირებული და არასტერილური ცხოველების გადაყვანა მოხდება და მათი რაოდენობა ყველა დაინტერესებულ პირს ეცოდინება. ისინი ასევე ინფორმირებულები იქნებიან გეგმა-გრაფიკის მიხედვით ამ ცხოველების დაბრუნების თაობაზეც, რომ კითხვის ნიშნები არ იყოს რა რაოდენობით წაიყვანეს და რა რაოდენობით დააბრუნეს, როგორც არის ახლა ზუგდიდის მაგალითზე - ხვალ უკვე დადასტურებულად ეცოდინება ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ 57 წაყვანილი ძაღლიდან, 57-ვე ეტაპობრივად დაბრუნდა იმავე ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ცხოველების მეპატრონეების პასუხისმგებლობის საკითხზე.
„მიმდინარე წელს, რეგიონების მიხედვით, მოხდება გარკვეული რაოდენობის ცხოველების სტერილიზაცია და კასტრაცია, ხოლო მომავალი წლიდან ეს ვალდებულება უკვე მეპატრონეს ექნება. სწორედ ამ გზით მივაწოდებთ ინფორმაციას პატრონიანი ცხოველების მფლობელებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არიან მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი წყარო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ფარგლებში, ცოფის საწინააღმდეგო მასიური ვაქცინაციის პარალელურად, მოხდება პატრონიანი ცხოველების იდენტიფიკაცია, წინასწარი მონაცემებით იდენტიფიკაციას დაახლოებით 102 000 ცხოველი გაივლის, რაც ძალიან შთამბეჭდავი და ამბიციური გეგმაა“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.