მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება. გავწევთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება და ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში - გივი მიქანაძე
მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრისას.
მიქანაძის თქმით, გაწევენ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება და ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში.
„უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.
ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს საერთაშორისო რეიტინგებს,“ – აღნიშნა მან.
გივი მიქანაძის თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“ და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.
ამასთან, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.
„ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება. მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს – გავწევთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება და ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში. მივიღეთ არსებული ადგილების შენარჩუნების გადაწყვეტილება და არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს.
ჩვენი მიზანია, განათლების სისტემაში გამჭვირვალედ, საზოგადოების ჩართულობით, განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები. ამის დადასტურებაა მიზნობრივ ჯგუფებთან, პირდაპირი კომუნიკაციის გზით, რეფორმით გათვალისწინებული საკითხების განხილვა, რასაც ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ,“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფებოდა
20.04.2026.14:09
თბილისის საკრებულოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფებოდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი ერევნის მერს ტიგრან ავინიანს, ვიცე-მერს არმენ პამბუხჩიანს და მერის მოადგილეს ლევონ ოჰანესიანს შეხვდნენ.
საკრებულოს დელეგაციასთან ერთად, ერევანში საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძეც იმყოფებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება იმ რეფორმების შესახებ გაუზიარეს, რომელიც თბილისსა და ერევანში მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება.
თბილისის საკრებულოს დელეგაციისა და ერევნის მერის შეხვედრაზე ქალაქებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და სხვადასხვა მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა გაესვა ხაზი.