მიხეილ ყაველაშვილი ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის საკითხებზე.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ თბილისმა უმასპინძლა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივ შეხვედრას და იმედი გამოთქვა, რომ რეგიონის კეთილდღეობისთვის ამ ფორმატში თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო გამოხატავს მზაობას, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ დიალოგსა და თანამშრომლობას.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებად ვახუშტი ბაგრატიონი და გიორგი კობერიძე დაინიშნენ
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
29.04.2025.16:11
ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის, რევაზ სოხაძის წარდგინებით, მინისტრის პირველ მოადგილედ - ვახუშტი ბაგრატიონი, ხოლო მინისტრის მოადგილედ გიორგი კობერიძე დაინიშნა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.
ვახუშტი ბაგრატიონი პროფესიით გეოლოგია, მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების მართვის, კომერციული ოპერაციების და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების სფეროებში. 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა ღვინის წარმოების ბიზნესს, ასევე სხვადასხვა დროს მუშაობდა ნენსკრა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების პროექტის მენეჯერად, წლების განმავლობაში ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები სხვადასხვა მსხვილ სამშენებლო კომპანიაში.
გიორგი კობერიძე პროფესიით იურისტია. 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ასევე იყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი - დირექტორი. ასევე მუშაობდა შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” (GWP) სხვადასხვა საკვანძო თანამდებობაზე.
რევაზ სოხაძის მოადგილეების თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებენ ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი.