მერიამ შეძლო შეუძლებელი, არავის სჯეროდა რომ თბილისის ავტობუსების ავტოპარკის ჩანაცვლება შესაძლებელი იყო - ოთარ გრიგოლია თბილისის სატრანსპორტო რეფორმაზე
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ დედაქალაქში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და სატრანსპორტო რეფორმის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ საშუალება გვქონდა თბილისის სატრანსპორტო რეფორმის შესახებ ინფორმაცია მოგვესმინა დედაქალაქის მერიის მხრიდან. მერიამ შეძლო შეუძლებელი, არავის სჯეროდა რომ თბილისის ავტობუსების ავტოპარკის ჩანაცვლება შესაძლებელი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ეს რეფორმა დავიწყეთ, ოპონენტები გვეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელი იყო იმ ავტოპარკის ჩანაცვლება, რომელიც მოძველებული იყო. თბილისის ავტოპარკი არა მხოლოდ ჩანაცვლდა, მთელი 20-25%-ით მოიმატა ავტობუსების რაოდენობამ. შედეგად, დედაქალაქში გვყავს ახალი ავტობუსები, შეიცვალა ქუჩის დიზაინი, შეიცვალა ზოგადად დამოკიდებულება ტრანსპორტთან მიმართებით. დღეს თბილისში ტრანსპორტი გაცილებით უფრო კომფორტული და სწრაფია, ვიდრე მანამდე. ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ არის, ბევრი პროექტები გვაქვს გასაკეთებელი და რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, წარმატებული სატრანსპორტო რეფორმისთვის“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე რამდენიმე დღის წინ თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმსაც შეეხო და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მინდა გამოვეხმაურო, ამ დღეებში თბილისში ჩატარებულ მშვიდობის ფორუმს. ეს ფორუმი თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. მშვიდობის ფორუმზე საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები იყვნენ ჩამოსულები. ჩვენ, ამ ფორუმის ჩატარებით მთელი მსოფლიოს აკადემიური წრეების ყურადღების ცენტრში მოვექეცით. არაერთი რეპორტაჟი გაკეთდა, რამაც საქართველოს შესახებ ინფორმაცია და ცნობადობა გაზარდა. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ეს დისკუსიები მშვიდობის საკითხს ეხებოდა. მინდა მადლობა გადავუხადო მერიას, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ეჭიდება და წარმატებით აორგანიზებს“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
07.04.2026.15:05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტების მნიშვნელობაზე ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორებში. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე რეგიონში დამატებითი ტვირთის მოზიდვისა და არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ისე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
აღინიშნა, რომ ეფექტურად ფუნქციონირებს საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების ერთობლივი კომპანია, რომელსაც 2025 წლიდან ჩინური მხარე შეუერთდა. მხარეების შეფასებით, ერთობლივი საწარმო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტურ ფუნქციონირებასა და ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების სფეროში კოორდინაციის გაუმჯობესებაში.
მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს საქართველოში მიმდინარე მსხვილი, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობას, მათ შორის, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი და რკინიგზის მილიარდიანი ინვესტიცია სალოკომოტივე და სავაგონე პარკის განახლებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა, გენადი არველაძემ და ინგა ფხალაძემ, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.