მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში ოფიციალურ მიღებაზე დელეგატებს უმასპინძლა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" დელეგატებს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა, სტუმრებს მადლობა გადაუხადა ფორუმში მონაწილეობისთვის და წარმატებები უსურვა.
მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აბრეშუმის გზის ფორუმის როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ეკონომიკური პლატფორმის შესახებ გააკეთა აქცენტი.
„ჩვენ შევეხებით იმ ძირითად და ყველაზე სტრატეგიულ თემებს, რომლებიც ყველას გვაერთიანებს, მათ შორის: ინვესტიციებს, ტრანსპორტს, ლოგისტიკას, ენერგეტიკის სექტორს და ბევრ სხვას. იმ ფონზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, და იმ მოწყვლადობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, დღეს ამ დაკავშირებადობას უფრო მეტად ვაფასებთ, ვიდრე ოდესმე. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნების გასაძლიერებლად, ერთად დგომაა საჭირო - ასეთი პლატფორმები ნამდვილად აერთიანებს ყველას და დიდ ღირებულებას ქმნის აზრების გაცვლის, საკითხების განხილვისა და იმ საქმეებისთვის სწორი გადაწყვეტილებების მოძიების კუთხით, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
თბილისის რიგით მეხუთე „აბრეშუმის გზის ფორუმი" ხვალ გაიხსნება და ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით იმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას - ირაკლი კობახიძე
05.12.2025.15:37
ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას.
„მასშტაბური მშენებლობები მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. სულ ახლახან, ქუთაისში, 850-ზე მეტმა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა. მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას. ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, რომელიც დააჩქარებს განსახლების კუთხით შესაბამისი პროცესების წარმართვას. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია - ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ კედლებს. ჩვენ ვქმნით სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს სკვერებით, სტადიონებითა და ბავშვთა გასართობი მოედნებით, რათა თქვენ და თქვენმა შვილებმა ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იცხოვროთ. ამასთან, ჩვენ არასდროს ვივიწყებთ მთავარს - ჩვენი ოცნება და მიზანია დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში. გილოცავთ ახალმოსახლეობას და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენს ახალ სახლებში“, - განაცხადა პრემიერმა.