მარიამ ქვრივიშვილმა ესკო-ს ახალი ხელმძღვანელი თორნიკე ყაზარაშვილი თანამშრომლებს წარუდგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) ახალი გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, თორნიკე ყაზარაშვილს ენერგეტიკის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. „თორნიკე დარგის პროფესიონალია და კარგად იცნობს ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობებს და გამოწვევებს. ესკო-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილურობის შენარჩუნებაში და დარწმუნებული ვარ, უწყების ახალი ხელმძღვანელი თავის პროფესიონალ გუნდთან ერთად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა და თორნიკე ყაზარაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
თორნიკე ყაზარაშვილს ენერგეტიკის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მას მინიჭებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი პროექტების მენეჯმენტის სპეციალიზაციით.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი საქართველოს უწყვეტი ელექტრომომარაგების და ზოგადად, ენერგეტიკის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ესკო ექსკლუზიურად ახორციელებს საბალანსო ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობას, სეზონური საჭიროების მიხედვით ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს, საბითუმო აღრიცხვის კვანძების ინსპექტირებას, ასევე ახდენს ახლადაშენებული ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვას.
სხვა სიახლეები
15.07.2025.17:12
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
უწყების ინფორმაციით, პირადი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა და გასულ კვირას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა.
ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს ალექსანდრე სოხაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალურ დირექტორად თორნიკე ყაზარაშვილი დაინიშნა.