მარიამ ქვრივიშვილმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტთან შუა დერეფნის განვითარება განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტს ინგმინგ იანგს შეხვდა, რომელიც საქართველოს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა - ბანკი ფორუმის მხარდამჭერია მისი დაარსების დღიდან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. მათ შორის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების და სხვა მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას აღნიშნულ საფინანსო ინსტიტუტთან შუა დერეფნის განვითარების კუთხით, მათ შორის, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
მხარეებმა განიხილეს როგორც აზიის განვითარების ბანკის შესაძლო მონაწილეობა ქვეყნის ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში, აგრეთვე მეტი ჩართულობა ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლების პროცესში, ასევე პოზიტიურად შეფასდა ბანკთან თანამშრომლობა სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმირების, აგრეთვე საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების და ტურიზმის სტრატეგიის შემუშავების კუთხით.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის ნაყოფიერ თანამშრომლობას CAREC – ის (ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის) ფორმატში.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი არის მნიშვნელოვანი რეგიონული სადისკუსიო პლატფორმა, სადაც რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის მოდელებს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, მრეწველობა, ავიაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ციფრული კავშირები, ტურიზმი და ა.შ.
შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და ინგა ფხალაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას - ირაკლი კობახიძე
05.12.2025.15:37
ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას.
„მასშტაბური მშენებლობები მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. სულ ახლახან, ქუთაისში, 850-ზე მეტმა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა. მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას. ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, რომელიც დააჩქარებს განსახლების კუთხით შესაბამისი პროცესების წარმართვას. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია - ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ კედლებს. ჩვენ ვქმნით სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს სკვერებით, სტადიონებითა და ბავშვთა გასართობი მოედნებით, რათა თქვენ და თქვენმა შვილებმა ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იცხოვროთ. ამასთან, ჩვენ არასდროს ვივიწყებთ მთავარს - ჩვენი ოცნება და მიზანია დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში. გილოცავთ ახალმოსახლეობას და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენს ახალ სახლებში“, - განაცხადა პრემიერმა.