მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს აბდულკადირ ურალოღლუს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის მინისტრი ორმხრივ მთავრობათაშორის ეკონომიკურ კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მეექვსედ გაიმართება. მარიამ ქვრივიშვილი და აბდულკადირ ურალოღლუ კომისიის თანათავმჯდომარეები არიან.
შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი და სხვ. აღინიშნა, რომ თურქეთი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი და რეგულარულად მოწინავე ინვესტორია.
ხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში. აღინიშნა, რომ სატრანზიტო დერეფნის როლის ეფექტური გამოყენება და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ფორმირება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის შემდგომი განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან.
ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ დონეზე. აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი აქტიურადაა ჩართულია ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფნების განვითარების არაერთ ინიციატივაში, მათ შორისაა ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი - შუა დერეფანი, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს აქტუალობას რეგიონალური კავშირების გაღრმავების, გლობალური ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
მარიამ ქვრივიშვილმა თურქ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კონკრეტული პროექტების მიმდინარეობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარებას. მათ შორისაა, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა და სხვ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უფრო მეტად გააქტიურებას შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მასში დამატებითი ტვირთების მოზიდვასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულ ამოქმედებასთან დაკავშირებით.
თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში კიდევ ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა. აღინიშნა, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად ორ ქვეყანას შორის გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 615 ათასზე მეტი მგზავრი, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,97%-ით მეტია. ხაზი გაესვა, რომ ამჟამად თურქეთის 4 ავიაკომპანია ახორციელებს ქვეყნებს შორის კვირაში 100- ზე მეტი სიხშირით მგზავრების გადაყვანას, ასევე წარმატებით ფუნქციონირებს სატვირთო ავიაგადაზიდვებიც. ითქვა, რომ თურქეთის უმსხვილეს ავიაკომპანიასთან „თურქეთის ავიახაზებთან" მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულების დაწყების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის თანამშრომლობას როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორში.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გახშირებული ავია მიმოსვლა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის განვითარებაში - 2024 წლის მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში შემოსულია 1,3 მლნ ვიზიტორზე მეტი და ამ მაჩვენებლით, თურქეთი მეორეა საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლის მიხედვით.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ინვესტიციების, სახმელეთო ტრანსპორტის, ჰიდროგრაფიისა და საზღვაო სფეროს, რკინიგზისა და სხვა მიმართულებით.
მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის მინისტრი რიგით მეხუთე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 22–23 ოქტომბერს გაიმართება.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გურამ გურამიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე საქართველოს ელჩი თურქეთში არჩილ კალანდია.
სხვა სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
13.11.2026.11:42
„ონლაინ საარჩევნო კამპანიის სივრცის დაცვა: რეგულირების მიღმა არსებული მიდგომები“ - იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის განხილვის მთავარი თემა, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ამავე უწყების საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიება ორ სამუშაო სესიას მოიცავდა. პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და არჩევნების მთლიანობის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოების მზადყოფნასა და მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე სესიაზე კი უშუალოდ შეფასდა ონლაინ საარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში, არსებული ქცევის კოდექსების გამოყენების გამოცდილება და მიღებული შედეგები.
სამუშაო შეხვედრამ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგატებს, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მისცა ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია რეგულირების ფარგლებს მიღმა, საარჩევნო კამპანიების წარმოების, ახალი საფრთხეების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.
“საერთაშორისო სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეუთოს წევრ ქვეყნებს ძირითადად აქვთ საერთო გამოწვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ციფრულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და მისგან მიღებულ შედეგებს, ასევე დაგვანახა რომ ის მიდგომები, რომლებსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით იყენებს, არის მეტნაკლებად ერთგვაროვანი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს დაცვასა და ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, -განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრა ალექსანდრე მაისურაძესთან, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე ზოდელავა და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.
სამუშაო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 ნოემბერს, გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილი და თამარ კაპანაძე აღნიშნულ ღონისძიებაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიწვევით იღებდნენ მონაწილეობას.