მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე იმ დახმარებისთვის, რომელსაც იაპონია უწევს საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა დადებითი ტენდენციები ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებში, რომლებიც წარმოიშვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმასაც, რომ არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, მათ შორის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, ინვესტიციების და სხვა სექტორებში.
ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური საკითხების განხილვის ქმედითი პლატფორმის არსებობის მნიშვნელობას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სახით, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა საქართველოსა და იაპონიას შორის ყველა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხის ოპერატიული გადაწყვეტა. როგორც აღინიშნა, საქართველოს მხარემ იაპონიის შესაბამის უწყებას უკვე გადასცა შეთანხმების პროექტი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც კომისიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის იაპონია მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მსგავსი შეთანხმების არსებობა ხელს შეუწყობდა ეკონომიკური კავშირების უფრო მეტად გაღრმავებას.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და იაპონიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით, ტურიზმის სფეროში. ასევე ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხზე.
სხვა სიახლეები
სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება - ირაკლი კობახიძე
16.03.2026.11:23
სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაზრების დივერსიფიკაცია სტაბილურობისა და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია.
„მთავარ გამოწვევად რჩება მიწების ფრაგმენტაცია, ტექნოლოგიების სიმწირე და დაბალი პროდუქტიულობა. ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე სახელმწიფო ბიზნესის მთავარი პარტნიორია. აგროკრედიტების სუბსიდირების პროგრამამ უკვე გამოიღო ხელშესახები შედეგი - 2018 წლის შემდეგ სექტორის მთლიანი გამოშვება თითქმის გაორმაგდა; თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.
ცალკე უნდა გამოვყოთ ექსპორტის მიმართულება. დღეს საგარეო გაყიდვები 4.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი ციფრია, თუმცა რეალობა ისაა, რომ ექსპორტი ძირითადად რამდენიმე პროდუქტს ეყრდნობა. სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება. ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სტაბილურობის და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია ამ და სხვა საკითხებზე კონკრეტულ ნაბიჯებად გადაიქცევა და როგორც მთავრობას, ისე ბიზნესს კიდევ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.