მარიამ ქვრივიშვილი „ექსპო 2027 ბელგრადის" პრეზენტაციას გაეცნო
სერბეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ბელგრადის საგამოფენო ცენტრს ეწვია, სადაც მულტიმედიურ სივრცეში მომავალი საერთაშორისო გამოფენის - „ექსპო 2027" - ის პრეზენტაციას გაეცნო. ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო გამოფენა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში პირველად ჩატარდება და ის 2027 წლის 15 აპრილიდან 15 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. გამოფენის თემაა - „Play for Humanity: Sport and Music for All".
საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც ექსპო 2027 - ში მონაწილეობას მიიღებს და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე საკუთარი კულტურისა და სპორტის მიღწევებს წარადგენს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ექსპო 2027 - ში საქართველოს მონაწილეობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას სერბეთსა და ბალკანეთში. მისი თქმით, ორგანიზატორები ელოდებიან, რომ გამოფენის 93 დღის განმავლობაში მას 4 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი ნახავს.
"ბელგრადთან პირდაპირმა ფრენებმა ხელი შეუწყო ორი ქვეყნის თანამშრომლობას ტურიზმის სექტორშიც. ექსპოს მიმდინარეობისას საქართველოს კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციას ასი ათასობით დამთვალიერებელი ნახავს და დაინტერესდება საქართველოთი. ის შესაძლებლობები, რასაც სერბეთი ექსპოს მონაწილეებს სთავაზობს, შთამბეჭდავია," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა „ექსპო" გამოფენების საერთაშორისო ბიუროს ეგიდით ტარდება. გამოფენაში 120-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
სხვა სიახლეები
უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში - ილჰამ ალიევი
18.03.2026.13:12
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი დროის გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.
უწმინდესმა ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ მიმართულ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების საქმეში გაწეული ძალისხმევით, ილია II-მ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.
უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში.
ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს მოსახლეობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.