ლევან დავითაშვილი ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს
ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ლევან დავითაშვილი არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას.
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოგეხსენებათ, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ეკონომიკის განვითარებაზეა არსებითად დამოკიდებული არა მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, არამედ, თითოეული დარგის განვითარება, საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცება, ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად, მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების შესახებ. ამ მიზნით, გადაიხედება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, შემადგენლობა, ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი. სამინისტროს მართვა ყოველდღიურ, მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ბატონი ლევანი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას. წარმატებები მინდა ვუსურვო ბატონ ლევანს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე დასკვნა მიიღო
01.05.2026.16:51
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს.
პროექტი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა და იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც დოკუმენტში აისახა.
„კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად შესწავლილი იქნა სამი მნიშვნელოვანი სექტორი და შესაბამისი დასკვნა მომზადდა. ეს სექტორებია - საკვების პროდუქტები, მედიკამენტები და საწვავი.
შეხვედრების ფარგლებში, კომისია 70-მდე კომპანიას შეხვდა, რომლებიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის სექტორში ძირითად მოთამაშეებს წარმოადგენენ. პარალელურად შესწავლილ იქნა 80-ზე მეტი კომპანიის საოპერაციო ხარჯები და ბიზნეს პროცესები შევისწავლეთ. სამი თვის განმავლობაში ჩატარდა საველე კვლევები და საკვები პროდუქტების ფასების მონიტორინგი მიმდინარეობდა. პროდუქტების ბაზრის შესწავლის და მისი გაანალიზების შედეგად გამოვლინდა თუ როგორ ფუნქციონირებს ქართული ბაზარი და თუ რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოს და ევროპის ქვეყნების ბაზრებს შორის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
კომისიის თავმჯდომარემ სამივე სექტორის შესწავლის შედეგად გამოვლენილ მიგნებებზე დეტალურად ისაუბრა და მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერიოდისთვის შესაბამისი რეკომენდაციები წარადგინა.
რეკომენდაციების ნაწილი შეეხება როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების საკითხებს, ასევე ადგილობრივი კომპანიებისთვის საოპერაციო ხარჯების და პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის შემცირების მნიშვნელობას.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, დასკვნა სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას გაეგზავნება და უფრო დეტალურად დამუშავდება.
დასკვნის პროექტთან დაკავშირებით სხდომაზე დისკუსია გაიმართა. კომისიის მდივანმა ეკა სეფაშვილმა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ სახელით, კომისიის წევრებს კენჭისყრის გადადების რეკომენდაციით მიმართა.
„კიდევ უფრო მეტი დრო გამოვყოთ იმისთვის, რომ საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ და კონკრეტულ რეკომენდაციებზე მეტი ინფორმაცია მივიღოთ და მხოლოდ მას შემდეგ დავუჭიროთ მას მხარი“, - აღნიშნა კომისიის მდივანმა.
ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, მისი პოლიტიკური გუნდი დასკვნას მხარს არ დაუჭერს.
„საქართველოში თუ გვინდა ფასებმა კლება დაიწყოს, ამისთვის აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია. ჩვენ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ და თქვენ თუ გჯერათ, რომ ამ დასკვნის რელიზების შემდეგ საქართველოში ფასები კლებას დაიწყებს, წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
პროექტზე მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ, კომისიის წევრებმა წარმოდგენილ დოკუმენტს კენჭი უყარეს. დასკვნის პროექტი კომისიამ 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო.