ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი გრანადაში - ირაკლი ღარიბაშვილი
ევროპელი კოლეგების მხრიდან საჭიროა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯი და ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი გრანადაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი გეოპოლიტიკური გარემო და რეგიონში არსებული რთული ვითარება იქნება.
„ჩვენი მთავარი გზავნილი გრანადაში, რა თქმა უნდა, იქნება შემდეგი, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მონაწილეობას მივიღებ მრგვალი მაგიდის ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი არის, რომ აღიარება მივიღოთ ჩვენმა ქვეყანამ, როგორც ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანამ და ახლა უკვე საჭიროა, რომ გადაიდგას შემდგომი ნაბიჯი ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან და ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. მეორე, რა თქმა უნდა, მთავარი განხილვის თემა იქნება გეოპოლიტიკური ვითარება, რეგიონში მიმდინარე ურთულესი ვითარება, უკრაინაში ომი და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გამოწვევები და ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი იქნება ჩვენი მონაწილეობა აი ამ კონფერენციაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სხვა სიახლეები
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
18.11.2025.16:36
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის, ჯონათან ასკონასის ხელმძღვანელობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო და ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ლევან ჟორჟოლიანმა აშშ-ის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა, აღნიშნული ფუნქციის განვითარების მიზნით, სარკინიგზო, საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურაში ახორციელებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოზიცია ე.წ. ტრამპის მარშრუტთან" დაკავშირებით. აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის" (TRIPP) შესაძლო პოზიტიური ეფექტი რეგიონზე აშშ-ის მხარის მიერ ტვირთების მოძრაობის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით. აგრეთვე, დადებითად შეფასდა საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ალან პერსელი დაესწრნენ.