ყველა რადიკალური ჯგუფი, რომლებიც 4 ოქტომბერზე ამყარებენ იმედებს, ცხადად და ერთმნიშვნელოვნად არის „ნაციონალური მოძრაობის“ თანამოაზრე - ოთარ გრიგოლია
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან „ქართული ოცნების“ კანდიდატებს წარმატება უსურვა და ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„მინდა ყველა კანდიდატს წარმატება ვუსურვო. აღვნიშნავ, რომ საარჩევნო პერიოდი თავისი შინაარსით ძალიან მშვიდია. თურმე მაშინაა შესაძლებელი მშვიდი საარჩევნო პროცესის წარმართვა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ მონაწილეობს არჩევნებში.
თუმცა მინდა გამოვეხმაურო ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თუკი „ლელო“ მოიგებს არჩევნებს, გააჩერებენ მუნიციპალიტეტის მუშაობას და ის აიძულებს მერიის თანამშრომლებს, რომ გაიფიცონ. ასეთი აბსურდი, რაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ვარ, არ გამიგია. მათ, სამწუხაროდ, კარიკატურიზებული პოლიტიკა აირჩიეს. ჩვენ კი სხვა გზა გვაქვს, ჩვენი საქმე არის შენება და განვითარება.
კიდევ ერთხელ მინდა წარმატებები ვუსურვო „ქართულ ოცნებას“. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გავიმარჯვებთ. ყველა იმ რადიკალურ ჯგუფს, რომლებიც 4 ოქტომბერზე ამყარებენ იმედებს, მინდა ვუთხრა, რომ 4 ოქტომბერი არის თარიღი, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კეზერაშვილთან ერთად დაგეგმეს, მოიფიქრეს და ყველა, ვინც ამ თარიღზე აკეთებს სწორებას, ცხადად და ერთმნიშვნელოვნად არის „ნაციონალური მოძრაობის“ თანამოაზრე, მისი თანაპარტიელი და რადიკალური დღის წესრიგის ნაწილი. ვისაც არ უნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაგრძელებად იწოდებოდეს, ამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
სხვა სიახლეები
23.09.2025.15:30
„არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და წინასაარჩევნო პერიოდმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის ერთადერთი რეალური კანდიდატია“, - ამის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ნინო ვარდოსანიძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა ქალაქისთვის და ფაქტობრივად, დღე არ გადის ისე, რომ მიმდინარე თუ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდოს თბილისის მცხოვრებლებს.
„მთავარი არის ფაქტები, შედეგი და რეალობა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მომავლის ხედვა და კონკრეტული გეგმა. ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა პროექტებია დაგეგმილი ამა თუ იმ მიმართულებით, რადგან დანამდვილებით ვიცით, რომ ქართული ოცნების და კახი კალაძის პირობებში ყველა ეს დაპირება აუცილებლად შესრულდება. ყველას გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა საარჩევნო პროგრამა, ძალიან კონკრეტული და მნიშვნელოვანი პროექტების ჩამონათვალი, რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თბილისს კიდევ უფრო ლამაზ, კომფორტულ და ევროპულ ქალაქს გახდის. 4 ოქტომბერი კი იქნება გამარჯვების დღე და მეტი სიკეთის მომტანი თბილისისთვის და მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნინო ვარდოსანიძემ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ საარჩევნო დაპირებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქმიანი საუბრის ნაცვლად ოპოზიცია ცრუ მოლოდინებს უქმნის საზოგადოებას, რითიც საკუთარ ამომრჩეველს მორიგ ჯერზეც იმედს გაუცრუებს.