კორუფციისგან თავისუფლება გამჭირვალე და კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტია და გავლენას ახდენს ბიზნეს გარემოსა და ინვესტორთა ნდობაზე - ვახტანგ ცინცაძე
„კორუფციისგან თავისუფლება გამჭირვალე და კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის გავლენას ახდენს როგორც ბიზნეს გარემოზე, ასევე ინვესტორთა ნდობასა და სენტიმენტებზე. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კანონის უზენაესობის ინდექსის კორუფციის არარსებობის კომპონენტში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
ვახტანგ ცინცაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: იტალია, მალტა, უნგრეთი, სლოვენია, ბულგარეთი და სხვა.
„ჩვენი მოლოდინია, რომ მომავალ წლებშიც გაგრძელდება საქართველოში ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რასაც ხელს შეუწყობს ის ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა აღნიშნული მიმართულებით ახორციელებს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ თბილისის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი გახსნა
18.02.2026.13:22
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, ოფიციალურად გახსნა 2026 წლის თბილისის სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი (Hospitality Investment Forum Tbilisi 2026) და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ფორუმი წარმოადგენს პროფესიულ პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებასა და საერთაშორისო საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებას. ღონისძიება აერთიანებს სასტუმრო ოპერატორებს, საერთაშორისო ბრენდებს, დეველოპერებს, ინვესტორებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს. ისინი განიხილავენ საქართველოში და რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს, ბაზრის გაფართოების შესაძლებლობებსა და კაპიტალის განთავსების პერსპექტივებს.
ფორუმის ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები საქართველოს ტურიზმის საინვესტიციო პოტენციალზე, საერთაშორისო ინტერესის რეალურ ინვესტიციად გარდაქმნის მექანიზმებზე, პრემიუმ და ლუქს სეგმენტის განვითარებაზე, ასევე სექტორში არსებულ ბაზრის ტენდენციებსა და შეფასების ინსტრუმენტებზე.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური სფეროა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს რეგიონებს და ზრდის ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას. მისი თქმით, სტუმარმასპინძლობა ქვეყნის იდენტობის ნაწილია და არა მხოლოდ ეკონომიკური სექტორი.
სოხაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი ტურიზმის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მასშტაბურ პროექტებს ახორციელებენ. ფართოვდება საერთაშორისო აეროპორტები, საგზაო პროექტების პარალელურად, აქცენტი კეთდება რეგიონების ურბანულ განახლებასა და ოთხსეზონიანი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.განახლებული ლოკაციები და გამართული წყალმომარაგების სისტემები კერძო სექტორისთვის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს აჩენს.
რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ამბიციას, ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად, სადაც ტურიზმი, სტუმარმასპინძლობა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ერთიან სისტემად ვითარდება. მან ასევე ისაუბრა სახელმწიფოს როლზე, როგორც სანდო პარტნიორზე, რომელიც ქმნის გამჭვირვალე და პროგნოზირებად ბიზნესგარემოს, ამცირებს ბიუროკრატიულ ბარიერებს, ხელს უწყობს საჯარო–კერძო პარტნიორობებს და აქტიურად ავითარებს ინფრასტრუქტურას.
„საქართველო ქმნის ღია და პროგნოზირებად ბიზნესგარემოს, სადაც ინვესტიცია ნიშნავს არა მხოლოდ კომერციულ წარმატებას, არამედ წვლილს ქვეყნის განვითარებაში. დღეს არის სწორი დრო, რომ ერთად შევქმნათ ახალი ტურისტული მიმართულებები და საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურა. დღეს არის სწორი დრო ინვესტირებისთვის, თანამშრომლობისთვის და განვითარებისთვის,“ — აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა.