პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე,
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა კონსულტაციების საფუძველზე.
„პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს, როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება, თუმცა ამავდროულად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის ობიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე. ბიზნეს სექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები, მადლობა ამისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა კონსულტაციების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
09.04.2026.14:57
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის ვიცე-მერთან, გიორგი ტყემალაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, თინათინ ნიბლოშვილთან და ლევან ჯაფარიძესთან, დედაქალაქის მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის შენობის წინ არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„დღეს პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს, რომელთა თავგანწირვამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გზა. მათი სიმამაცე და შეუდრეკელი ნება დღემდე რჩება სახელმწიფოს ძლიერების და საზოგადოების ერთიანობის მაგალითად. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ იმ იდეალებს, რომელთათვისაც მათ სიცოცხლე გაწირეს და განვაგრძოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
9 აპრილის მოვლენებიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მომხდარიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წელს, 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.