ხელისუფლების პრიორიტეტია, მოქალაქეებზე აისახოს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს - პრემიერი
ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება მოვახერხოთ ფასების დაწევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ქსელური მარკეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია, მოქალაქეებზე აისახოს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს.
„ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლად აწარმოებს თავის საქმიანობას, ეს ეხმარება ეკონომიკას, დასაქმებას ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად მძიმე სოციალური ტვირთი შემოდის მოსახლეობისთვის, რომ გადავწყვიტეთ, კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა მთლიანად საერთო სურათში. რეალურად არის შემთხვევები, სადაც ორმაგი, სამმაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის. თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ფასების დაწევა. მთლიანობაში ჯამური საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86 პროცენტს. ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია. ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში - 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ასევე, კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც.
შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ თბილისის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი გახსნა
18.02.2026.13:22
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, ოფიციალურად გახსნა 2026 წლის თბილისის სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი (Hospitality Investment Forum Tbilisi 2026) და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ფორუმი წარმოადგენს პროფესიულ პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებასა და საერთაშორისო საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებას. ღონისძიება აერთიანებს სასტუმრო ოპერატორებს, საერთაშორისო ბრენდებს, დეველოპერებს, ინვესტორებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს. ისინი განიხილავენ საქართველოში და რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს, ბაზრის გაფართოების შესაძლებლობებსა და კაპიტალის განთავსების პერსპექტივებს.
ფორუმის ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები საქართველოს ტურიზმის საინვესტიციო პოტენციალზე, საერთაშორისო ინტერესის რეალურ ინვესტიციად გარდაქმნის მექანიზმებზე, პრემიუმ და ლუქს სეგმენტის განვითარებაზე, ასევე სექტორში არსებულ ბაზრის ტენდენციებსა და შეფასების ინსტრუმენტებზე.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური სფეროა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს რეგიონებს და ზრდის ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას. მისი თქმით, სტუმარმასპინძლობა ქვეყნის იდენტობის ნაწილია და არა მხოლოდ ეკონომიკური სექტორი.
სოხაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი ტურიზმის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მასშტაბურ პროექტებს ახორციელებენ. ფართოვდება საერთაშორისო აეროპორტები, საგზაო პროექტების პარალელურად, აქცენტი კეთდება რეგიონების ურბანულ განახლებასა და ოთხსეზონიანი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.განახლებული ლოკაციები და გამართული წყალმომარაგების სისტემები კერძო სექტორისთვის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს აჩენს.
რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ამბიციას, ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად, სადაც ტურიზმი, სტუმარმასპინძლობა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ერთიან სისტემად ვითარდება. მან ასევე ისაუბრა სახელმწიფოს როლზე, როგორც სანდო პარტნიორზე, რომელიც ქმნის გამჭვირვალე და პროგნოზირებად ბიზნესგარემოს, ამცირებს ბიუროკრატიულ ბარიერებს, ხელს უწყობს საჯარო–კერძო პარტნიორობებს და აქტიურად ავითარებს ინფრასტრუქტურას.
„საქართველო ქმნის ღია და პროგნოზირებად ბიზნესგარემოს, სადაც ინვესტიცია ნიშნავს არა მხოლოდ კომერციულ წარმატებას, არამედ წვლილს ქვეყნის განვითარებაში. დღეს არის სწორი დრო, რომ ერთად შევქმნათ ახალი ტურისტული მიმართულებები და საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურა. დღეს არის სწორი დრო ინვესტირებისთვის, თანამშრომლობისთვის და განვითარებისთვის,“ — აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა.