კახა კალაძემ ერევნის მერთან შეხვედრა გამართა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
„სომეხ და ქართველ მოქალაქეებს კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გავაღრმავოთ და უფრო საინტერესო გავხადოთ. ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის ტელეანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა. ერევანში როდესაც ჩავდივარ, ყოველთვის ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქალაქებს შორის მომავალშიც გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა და შევძლებთ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.
ერევნის მერის თქმით, თბილისის მსგავსად ერევანიც დიდ მნიშვნელობას უთმობს სატრანსპორტო რეფორმის განხორციელებას.
„როგორც თბილისი, ისე ერევანი სწრაფად ვითარდება. ჩვენ ვიცით რამხელა ყურადღებას უთმობთ სატრანსპორტო რეფორმებს. ვიცი, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თბილისის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კარგი იქნება გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, სიამოვნებით განვახორციელებთ თბილისთან მეტ კულტურულ ღონისძიებებს“, - განაცხადა ტიგრან ავინიანმა.
სხვა სიახლეები
22.09.2025.16:17
რაც შეეხება ნოშიკო ნამორაძეს მე მასთან მაქვს პირადი ურთიერთობა, მათ შორის კომუნიკაციაც გვქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, - ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მისამართით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მან საქართველო დატოვა. პრემიერის თქმით, ნოშიკო ნამორაძე არის ბიზნესმენი და ნებისმიერი ბიზნესის მიმართ სახელმწიფო გამოხატავს მხარდაჭერას.
„მე არ მგონია, რომ რაიმე მიდგომა შეცვლილიყოს. ზოგადად რაც შეეხება ბიზნესს ბიზნესის მიმართ მხარდაჭერა იქნება სრული, ნებისმიერი ბზნესმენის მიმართ, რომელიც კანონის საფუძველზე შემოიტანს წინადადებებს ყველას მიმართ იქნება სრული მხარდაჭერა. თქვენ იცით, რომ იცით არის უამრავი ბიზნესმენი, მათ შორის რომელიც პირდაპირ გამოხატავს მხარდაჭერას ოპოზიციის მიმართ. მათ მიმართაც არის დამოკიდებულება აბსოლუტურად თანასწორი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ჩვენ პოლიტიკური ნიშნით, ან რაიმე სხვა ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს.
რაც შეეხება უშუალოდ ნოშიკო ნამორაძეს მე მასთან მაქვს პირადი ურთიერთობა, მათ შორის კომუნიკაციაც გვქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ.
კაცი ბიზნესმენია შეიძლება ბრიტანეთში წავიდეს, შეიძლება დაბრუნდეს - ეს ჩვეულებრივი საქმეა ხომ. ეს მე არ ვიცი, ეს არ არის ჩემი უფლებამოსილება, რომ ვაკონტროლო ვინ სად წავა, ეს არის ბიზნესმენის საქმე. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნებისმიერი ბიზნესის მიმართ სახელმწიფო გამოხატავს მხარდაჭერას, მათ შორის რა თქმა უნდა ნოშიკო ნამორაძის მიმართაც სახელმწიფო იქნება სრულად მხარდამჭერი“, - აცხადებს პრემიერი.