იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ამის თავიდან არიდება - ირაკლი კობახიძე
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ამის თავიდან არიდება და, სწორედ, ამიტომ ჩატარდა შრომის ბაზრის ანალიზი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც შრომის ბაზრის მოთხოვნასა და უმაღლესი განათლების სისტემის მიერ გამოშვებულ სტუდენტებს შორის დისბალანსი ფიქსირდება.
„კვლევაში წარმოდგენილია მონაცემები, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რომელია დეფიციტით გამორჩეული მიმართულებები. აშკარად ჩანს, რომ პედაგოგიკა არის ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, სადაც გვყავს ნაკლები სტუდენტი, ვიდრე არის შრომის ბაზრის მოთხოვნა. საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებებში არის უმეტეს შემთხვევებში დაფიქსირებული დეფიციტი, ეს ეხება მშენებლობას, ანუ გვჭირდება იმაზე მეტი მშენებელი, ვიდრე, დღეს, უმაღლესი განათლების სისტემა აწვდის შრომის ბაზარს.
ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ამ მიმართულებებითაც არის ნაკლებობა. საექთნო და სამეანო საქმე, სოციალური მუშაობა, ეს არის ის სფეროები, სადაც მკვეთრი დეფიციტი ფიქსირდება მიწოდების კუთხით.
რაც შეეხება სიჭარბის მაგალითებს, სამართალი უკვე ვახსენე, სადაც არის მკვეთრი სიჭარბე, ანალოგიურად - ეკონომიკაშიც გვაქვს სიჭარბე, რაც შეეხება ბიზნესის ადმინისტრირებას, აქ, რეალურად, დაბალანსებულია მონაცემები, თუმცა აქ სხვა პრობლემას ვაწყდებით, იმის გამო, რომ კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის დონე არ არის საკმარისად მაღალი, რეალურად, შრომის ბაზარზე მაინც ფიქსირდება მკვეთრი დეფიციტი. აქ არის თავსებადობა რიცხვებს შორის, ანუ რამდენსაც უშვებს უმაღლესი განათლების სისტემა, იმდენზე არის მოთხოვნა შრომის ბაზარზე, თუმცა კვალიფიკაციის პრობლემის გამო, რეალურად, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის დეფიციტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებითაც შრომის ბაზარზე.
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები - აქაც ფიქსირდება ძალიან მკვეთრი დისბალანსი. არის მოთხოვნადი სპეციალობა, ძალიან ბევრი ამთავრებს, თუმცა შრომის ბაზარზე არის დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები მოთხოვნა, ვიდრე გვყავს კურსდამთავრებულები სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. იგივე ეხება უცხო ენებს, სადაც არის მკვეთრი სიჭარბე,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24.02.2026.12:05
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა 5-წლიან პერსპექტივაში შეფასდა და სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შესწავლილ იქნა Cambridge Econometrics-ის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული შრომის ბაზრის პროგნოზირების მოდელით.
„შედეგები არის ძალიან შემაშფოთებელი. იმთავითვე იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის. მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე. ჩვენ შევისწავლეთ სამუშაო ძალაზე 5-წლიანი მოთხოვნა, პროფესიული ჯგუფების მიხედვით. 5-წლიან პერსპექტივაში შეფასდა შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შესწავლილ იქნა Cambridge Econometrics-ის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული შრომის ბაზრის პროგნოზირების მოდელით და სხვა მაკროეკონომიკური მოდელებით. ამ მოდელებში გათვალისწინებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც, მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ვაზიანის აეროპორტი და ა.შ. ყოვლისმომცველი კვლევა განხორციელდა.
ჩვენ შევისწავლეთ დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა 5-წლიან პერსპექტივაში. იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად, შეადგენს 64 095-ს, აქედან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, 21 779-ის საჯარო სექტორში. აქ იგულისხმება მათ შორის ჩანაცვლების მოსალოდნელი მაჩვენებელიც“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოთხოვნად პროფესიებშია საშუალო სკოლის მასწავლებლები, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, ექთნები, ექიმები, მშენებლობის მენეჯერები, პროგრამისტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, მშენებლობის ზედამხედველები, ელექტრიკოსები, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები.
„მოთხოვნად პროფესიულ ჯგუფებში უმაღლესი განათლების საჭიროებას რაც შეეხება, აქ ლიდერობს კონკრეტული პროფესიები. ეს არის საშუალო სკოლის მასწავლებლები, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, ექთნები, ექიმები, მშენებლობის მენეჯერები, პროგრამისტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, მშენებლობის ზედამხედველები, ელექტრიკოსები, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები. კვლევამ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ პროფესიებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა შრომის ბაზარზე.
არის სპეციალობები, სადაც გამოვლინდა სიჭარბე. მაგალითისთვის რომ ავიღოთ სამართლის მიმართულება, აქ ჩარიცხვების საშუალო წლიური რაოდენობა გასული 5 წლის განმავლობაში იყო 3598. საშუალოდ, წლიურად ირიცხებოდა სამართლის ფაკულტეტებზე. კურსდამთავრებულთა რაოდენობა შეადგენდა 2047-ს. ესეც შემაშფოთებელი მაჩვენებელია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად გაუმჯობესება. როდესაც კურსდამთავრებულთა მაჩვენებელი ჩარიცხვასთან შედარებით 40%-ია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ გვაქვს სერიოზული გამოწვევები უმაღლესი განათლების სფეროში. ამ კუთხით გამონაკლისი არ არის არც სამართლის მიმართულება.
რაც შეეხება მოთხოვნას, კვლევამ გამოავლინა, რომ წელიწადში, საშუალოდ გვჭირდება 678 იურისტი შრომის ბაზარზე, მაშინ, როცა 3600 იურისტი აბარებს იურიდიულზე და ამთავრებს 2050. ეს მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რამდენად აუცილებელი იყო შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარება. ჩვენ პრაქტიკულად ვწირავდით სტუდენტებს იმისათვის, რომ ისინი მიიღებდნენ უმაღლესი განათლების დიპლომს და ვერასოდეს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას, რაც ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამის თავიდან არიდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და ამ მიზანს ემსახურებოდა შრომის ბაზრის ანალიზი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ“, - განაცხადა პრემიერმა.