ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს.
დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
07.04.2026.15:05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტების მნიშვნელობაზე ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორებში. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე რეგიონში დამატებითი ტვირთის მოზიდვისა და არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ისე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
აღინიშნა, რომ ეფექტურად ფუნქციონირებს საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების ერთობლივი კომპანია, რომელსაც 2025 წლიდან ჩინური მხარე შეუერთდა. მხარეების შეფასებით, ერთობლივი საწარმო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტურ ფუნქციონირებასა და ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების სფეროში კოორდინაციის გაუმჯობესებაში.
მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს საქართველოში მიმდინარე მსხვილი, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობას, მათ შორის, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი და რკინიგზის მილიარდიანი ინვესტიცია სალოკომოტივე და სავაგონე პარკის განახლებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა, გენადი არველაძემ და ინგა ფხალაძემ, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.