ირაკლი კობახიძე - გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით
გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მიზანი არის სავსებით მიღწევადი.
''„მთავრობის კეთილინდისიერების" ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 და ევროპის საუკეთესო 20 ქვეყანას შორის დასახელდა და ბოლოს, მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა.
ეს არის ის შედეგები, რომლებიც გვაძლევს, რა თქმა უნდა, კმაყოფილების საფუძველს, თუმცა, ჩვენ ამ შედეგებით და მიღწევებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩემი საპარლამენტო გამოსვლის დროს გამოვხატე ჩვენი ამბიციური ამოცანა, რომ გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და ეს პოლიტიკური ნება არსებობს, ეს მიზანი არის სავსებით მიღწევადი და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.
რა თქმა უნდა, ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით განსაკუთრებული როლი აკისრია. მინდა მოგილოცოთ ერთი წლის იუბილე და ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე ბევრი რამ გაკეთდა, რათა ბიუროს სათანადოდ განეხორციელებინა საკუთარი უფლებამოსილებები. ანტიკორუფციული ბიურო აღიჭურვა სათანადო, როგორც სამართლებრივი, ისე ინსტიტუციური გარანტიებით, რაც მას კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის შესაძლებლობას ანიჭებს. ამასთან, ბიუროს მუდმივი გაძლიერება დარჩება, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად. ამ მიზნით ახლაც ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტში და მომავალშიც, რა თქმა უნდა, მთელი ყურადღებით მივუდგებით ამ მნიშვნელოვან ამოცანას, რასაც ჰქვია ბიუროს შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება.
მე, პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო ანტიკორფუციულ ბიუროს თანადგომა, ჩვენი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ ბიუროს საქმიანობა, ჩვენი ამბიციური მიზნების მიღწევაში ძალიან დაგვეხმარება და მნიშვნელოვა წვლილს შეიტანს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
07.04.2026.15:05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტების მნიშვნელობაზე ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორებში. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე რეგიონში დამატებითი ტვირთის მოზიდვისა და არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ისე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
აღინიშნა, რომ ეფექტურად ფუნქციონირებს საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების ერთობლივი კომპანია, რომელსაც 2025 წლიდან ჩინური მხარე შეუერთდა. მხარეების შეფასებით, ერთობლივი საწარმო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტურ ფუნქციონირებასა და ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების სფეროში კოორდინაციის გაუმჯობესებაში.
მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს საქართველოში მიმდინარე მსხვილი, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობას, მათ შორის, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი და რკინიგზის მილიარდიანი ინვესტიცია სალოკომოტივე და სავაგონე პარკის განახლებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა, გენადი არველაძემ და ინგა ფხალაძემ, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.