ირაკლი კობახიძე დღეს, ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახსნის. კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების რიგით მეოთხე კონფერენციაზე, დღეს დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ირაკლი კობახიძე გამოსვლისას შეეხება იმ პრობლემატიკას, რომელიც ეხება ღირებულებების აღრევას თანამედროვე სამყაროში.
„ბუდაპეშტი მასპინძლობს კონსერვატიულ პოლიტიკურ მოქმედებათა კონფერენციას, სადაც იკრიბებიან მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებსაც აერთიანებს კონსერვატიული ღირებულებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციას ჩვენი ქვეყნის მეგობართან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გახსნის და მისასალმებელი სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეეხება იმ პრობლემატიკას, რომელიც ეხება ღირებულებების აღრევას თანამედროვე სამყაროში, დასავლურ ცივილიზაციაში, ორმაგ სტანდარტებს. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვუცავთ ქართველები, ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო მთავრობასთან ერთად იმ ღირებულებებს, რომლებიც მრავალი საუკუნეა, ჩვენი განუყოფელი ნაწილია”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
უნგრეთში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია ორდღიანია და ის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 29-30 მაისს გაიმართება.
სხვა სიახლეები
ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
06.04.2026.19:31
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარიძე.
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც სასიკეთო და სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისათვის.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას, სატრანზიტო დერეფნის მაქსიმალურად ათვისების პოტენციალს და აღნიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორობა საერთო ჯამში ერთნაირად ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს.
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მშვიდი და სტაბილური ვითარების მხარდაჭერისთვის, ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებით აღსავსე გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა მაქსიმალური ძალისხმევის ფასად შეინარჩუნონ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რასაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონული კავშირების უზრუნველყოფაში. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ არის ღია აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის, რაც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ ზრდას განაგრძობს.
ილჰამ ალიევმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, სტაბილური და საინტერესო ადგილი ინვესტიციებისთვის. პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივ პროექტებზე, ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე აზერბაიჯანული ბუნებრივი რესურსების ექსპორტის პროცესში. ილჰამ ალიევმა დაადასტურა მზაობა, რომ ერთობლივად გაგრძელდეს მუშაობა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.