ირაკლი კობახიძე, ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის მიწვევით შანხაიში ვიზიტს გამართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის მიწვევით, შანხაიში ვიზიტს გამართავს, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან.
„გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი.
ირაკლი კობახიძე შანხაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთის ორჰანღაზის მუნიციპალიტეტის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს
07.11.2025.17:42
თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთის ორჰანღაზის მუნიციპალიტეტის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. ონლაინ შეხვედრა, ორი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო თანამშრომლობას ეხებოდა.
საკრებულოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და საკრებულოს წევრი გურამ ნიკოლაშვილი.
თურქეთის მხრიდან კი შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის პრეზიდენტი ირფან შაჰინი ბერიძე, თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის დამფუძნებელი ადემ თურანი შავაძე, ასევე ასოციაციის პიარ მენეჯერი მანანა გაბრიჭიძე.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და თურქეთის, განსაკუთრებით კი ქალაქ ბურსასა და ორჰანღაზის ქართველობას და თბილისს შორის სამომავლო თანამშრომლობა — საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელება, ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და საერთო კულტურული ინიციატივების მხარდაჭერა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთში მრავალი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით აქტიურად იცავენ ეროვნულ იდენტობას, ასეთი შეხვედრები კი მნიშვნელოვნად ეხმარება მომავალ თაობებს, რომ არ დაკარგონ ენა, ტრადიციები და კულტურული ფესვები.
თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაცია 1995 წლის აპრილში დაარსდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია თურქეთის ქართულ დიასპორასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქართული კულტურის, ცეკვის, მუსიკისა და ენის პოპულარიზაცია დიასპორის ახალ თაობებში.