ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 17 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17.11.2025.13:57
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა, რომელიც თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის მართლმსაჯულების სფეროში ეფექტურ პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.