ინფრასტრუქტურის სამინისტროში წლის პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ისე ჩვენი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის - პრემიერი
ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე წლის პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით, ხარჯების ნაწილში, 107%-ით შესრულდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრს.
„შევეხები ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმის შესრულებას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით, ხარჯების ნაწილში, 107%-ით შესრულდა. მოგეხსენებათ, რომ კორუფციის პრევენციის მიზნით და არასწორი პრაქტიკის პრევენციის მიზნით, შარშან დაგვჭირდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება, შედეგად, შარშან დაუხარჯავი დარჩა დაახლოებით 400 მილიონი ლარი, რომელიც სამინისტროს წლევანდელ ბიუჯეტზე გადმოვიდა და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ამ თანხების გადაჭარბებით 107%-ით ათვისებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ისე ჩვენი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის. მადლობა მინდა, გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
09.04.2026.14:57
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის ვიცე-მერთან, გიორგი ტყემალაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, თინათინ ნიბლოშვილთან და ლევან ჯაფარიძესთან, დედაქალაქის მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის შენობის წინ არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„დღეს პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს, რომელთა თავგანწირვამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გზა. მათი სიმამაცე და შეუდრეკელი ნება დღემდე რჩება სახელმწიფოს ძლიერების და საზოგადოების ერთიანობის მაგალითად. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ იმ იდეალებს, რომელთათვისაც მათ სიცოცხლე გაწირეს და განვაგრძოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
9 აპრილის მოვლენებიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მომხდარიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წელს, 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.