იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ - ბიძინა ივანიშვილი
იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აშშ-ს საელჩოს განცხადებას პასუხობს.
„იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი.
მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა“, - წერია განცხადებაში.
მისი თქმით, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში.
„აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.
შეიძლება მათ თქვან, რომ მე, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
29.05.2025.22:34
ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო დამოუკიდებლობისთვის მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა და ეს ბრძოლა ქართველების გენეტიკურ კოდშია.
„ეს ბრძოლა გრძელდება. ახლა ბრძოლა გვიწევს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. უნგრეთი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლაში. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი მეგობრების - უნგრეთის მთავრობის მიმართ. ჩვენს ერებსა და მთავრობებს შორის ძლიერი მეგობრობა, თანამშრომლობა არსებობს და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი დაესწრო.
იანოშ ბოკამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უნგრეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ.
„ნება მომეცით, გადმოგცეთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და უნგრეთის მთავრობის მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში მაშინ, როცა თქვენი გაჩუმება სურთ. თქვენ გვერდით ვართ ყოველთვის. ჩვენი ერები კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. ორივემ ვიცით, რომ ეს იოლად მოსაპოვებელი არ არის და არც უფასოა.
ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს ფასეულობებს. ორივე ევროპელი ერი და ამაყი ქვეყანა ვართ და გვინდა ასეთად დავრჩეთ. თავისუფლების ორი კუნძული ვართ ძველი, ახალი იმპერიების ოკეანეში. ჩვენ ხელს ვუწვდით ერთმანეთს, ვაშენებთ ხიდებს და მომავალს ჩვენი შვილებისთვის. დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ ჩვენი მხრიდან ერთგულების დასადასტურებლად. დაე, საქართველოში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა.მრავალჟამიერ არსებობდეს ამაყი ქართველი ერი”, - განაცხადა იანოშ ბოკამ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.