იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც რეალურად პირი არ იმყოფებოდა სწავლის მიზნით საქართველოში და მათზე მაინც გაიცემოდა ბინადრობის ნებართვა, ასეთი შემთხვევები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, მაქსიმალურად გამკაცრდება პოლიტიკა ამ კუთხით - პრემიერი
ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო ბინადრობის ნებართვის ბოროტად გამოყენების პრევენცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით იყო ჩამოყალიბებული პრობლემური პრაქტიკა.
„იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც რეალურად პირი არ იმყოფებოდა სწავლის მიზნით საქართველოში და მათზე მაინც გაიცემოდა ბინადრობის ნებართვა. ასეთი შემთხვევები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. მაქსიმალურად გამკაცრდება პოლიტიკა ამ კუთხით.
დაიხვეწება უცხოელების მონაცემთა ბაზა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სრულფასოვანი მონაცემთა ბაზა, სადაც აისახება მონაცემები საქართველოში მყოფი ყველა უცხოელის შესახებ. ბუნებრივია, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზომა, რომელიც გვაძლევს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შესაძლებლობას.
ზოგადად, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა არის მუდმივი პროცესი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს უნდა შევხვდეთ მომზადებული და ზუსტად ამას ემსახურება ის ცვლილებები, საკანონმდებლო თუ პრაქტიკული, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა მთლიანად სისტემაში", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
16.04.2026.15:15
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.