გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე
ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას, კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, ეს უნდა დარჩეს ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რომეო მიქაუტაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, რომ ქვეყანა ევროპის სამეულში შევიდეს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით და ამ კუთხით, ხელისუფლებაში ბევრი ცვლილება განხორციელდა.
„კონკრეტულის საქმის დეტალებში მე ვერ შევალ, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია და ისინი შეისწავლიან ასეთ საკითხებს, ისინი რეაგირებენ ასეთ საკითხებზე. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ გვაქვს გაჟღერებული ამბიციური მიზანი, რომ გვინდა, ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ კუთხით, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობაში, ზოგადად ხელისუფლებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას, კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, ეს უნდა დარჩეს ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად,“- განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, რომელიც რომეო მიქაუტაძის საქმეზე, დაკავებულის ყოფილი ხელმძღვანელების სახით, კახა კალაძისა და ლევან დავითაშვილის გამოკითხვას შეეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამოძიება უკავშირდება მის საქმიანობას ეკონომიკის სამინისტროში.
„გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, მის კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება ეჭვი. დეტალებზე მე ვერ გიპასუხებთ, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების საქმე. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ღრმად ეძიება ასეთ საქმეებში, საქმეების ბოლომდე მიყვანაც არის სამართალდამცავი უწყებების საქმე,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.06.2025.12:36
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების დელეგაციას შეხვდა, რომელშიც დიდი ეროვნული კრების უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის წევრები შედიან.
მხარეებმა განიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული და დაძაბული ვითარება. აღინიშნა თურქეთის მნიშვნელოვანი როლი მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას სატრანსპორტო-სატრანზიტო კუთხით.
საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საკითხს და, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ვიზიტს თურქეთში.
შეხვედრაზე აღინიშნა თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატების როლი. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე იგეგმება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. აღინიშნა გასულ კვირას შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ განხორციელებული ნაყოფიერი ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.
ყურადღება გამახვილდა აქტიურ გაცვლებზე საპარლამენტო დონეზე, მათ შორის, კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის.
თურქულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ და საქართველოს პარლამენტში თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ჭყონიამ.