გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება - პრემიერი
იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, გასულ წელს 9.4% იყო წლიური ეკონომიკური ზრდა და ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ამ ტენდენციის შენარჩუნება.
„დამოუკიდებლობისთვის ეკონომიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება. ამ თვალსაზრისით, 2025 წლის პირველი და მეორე თვეებიც იყო გამორჩეული. ჩვენ დავხურეთ ეს 2 თვე დადებითი მაჩვენებლებით. იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%. ამ კუთხით შარშანაც გვქონდა ძალიან დადებითი მაჩვენებელი, 9.4% იყო წლიური ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ამ ტენდენციის შენარჩუნება.
საბიუჯეტო პროგნოზი არის 6%. ეს არის ერთგვარი პროგრამა მინიმუმი, რომელიც გვაქვს დასახული, თუმცა ვფიქრობ, რომ იმ ტენდენციებით, რომლებიც ფიქსირდება აქამდე, შეგვიძლია ეს გეგმა გადაჭარბებითაც შევასრულოთ.
სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად კონტინენტის, ევროპის მასშტაბით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არა მხოლოდ ეს პროგნოზი შევასრულოთ, არამედ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეკონომიკურ გაძლიერებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვისაც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
13.03.2026.14:46
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და კორეის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰიონ დუ კიმმა მოაწერეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულების მიზანს სათბური გაზების ემისიების შემცირების, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
„კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით კავშირების გაღრმავებისთვის. აღნიშნული შეთანხმება ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პრაქტიკულ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს სათბური გაზების ემისიების შემცირების და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც ჰიონ დუ კიმმა აღნიშნა, საქართველო კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც კორეის რესპუბლიკა აფორმებს ხელშეკრულებას, რაც ორ ქვეყანას შორის კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროს, მათ შორის, სოფლის მეურნეობასა და სატყეო სექტორს, ასევე, კლიმატთან დაკავშირებულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საკითხებს.
შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.