გინდათ, მოლაპარაკებები გახსნათ? - მზად ვართ! გინდათ, ევროკავშირში მიგვიღოთ? - მზად ვართ! - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ბოლო პერიოდში იმ სიკეთეებს, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან არის დაკავშირებული, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებს.
ამის შესახებ მან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
„უსამართლო დამოკიდებულებაა საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არ არის პირველი შემთხვევა. ზოგადად, ევროკავშირი იმ სიკეთეებს, რომლებიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციის პროცესთან, ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში, ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებს. ეს ძალიან მძიმეა. როდესაც მათი განცხადებები, რეზოლუციები გაჯერებულია ტყუილით, რა თქმა უნდა, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან, ევროპულ მომავალთან, ევროინტეგრაციის პროცესთან. ეს არის პოლიტიკური განცხადებები, პროცესი, რომელიც გაჯერებულია ტყუილითა და ცილისწამებით. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს, რომელთა „მესიჯები“ აბსოლუტურად სიცრუეზეა დაფუძნებული.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ერთადერთი, ბოლო იარაღი, რაც დარჩათ, ეს არის ვიზალიბერალიზაციის თემა და ამით მიდის შანტაჟი. საერთოდ რა კავშირშია თუნდაც ის კანონები, რომლებიც მიღებულია, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან? აქაც ორმაგი დამოკიდებულებაა. თვითონ იღებენ ასეთ კანონებს, თავიანთ ქვეყნებში მოქმედებს და თურმე საქართველოში არ შეიძლება მივიღოთ. თურმე როგორ შეიძლება ქართულმა სახელმწიფომ ან თუნდაც ქართველმა ხალხმა იცოდეს, საიდან შემოდის ის თანხები, „შავი“ ფული, რომლითაც ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები, ტელევიზიები, სახელმწიფო გადატრიალება? თურმე ეს არ უნდა ვიცოდეთ და დანაშაულია. წარმოგიდგენიათ? ნორმალური დამოკიდებულებაა ეს? ზოგადად, გამჭვირვალობა როგორ შეიძლება იყოს ცუდი ან უპირისპირდებოდეს ევროპულ მომავალს?“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებამდე, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თემით აშანტაჟებდნენ, რაც არ გამოუვიდათ.
„სულელები ხომ არ ვართ, ვთქვათ, რა ცუდია ვიზალიბერალიზაციაო? პირიქით, კარგია და სიკეთეა, მაგრამ როდესაც სასწორზე დევს ორი მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც ამ თემით გაშანტაჟებენ და საუბარია ქვეყნის ინტერესების დათმობაზე, წარმოუდგენელია მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. პირველი შემთხვევა ხომ არ არის შანტაჟის? ეს არის ბოლო ეტაპი, სადაც მივედით. მანამდე იყო კანდიდატის სტატუსი, რომლითაც გვაშანტაჟებდნენ. არ მოგვცეს, ხომ გახსოვთ? ორი რამ იყო მიზეზი: ის, რომ ქვეყანა არ ჩაერთო ომში, მეორე ფრონტი არ გაიხსნა და ქვეყანა არ მიუერთდა სანქციებს. რატომ უნდა გადავდგათ ასეთი ნაბიჯი? შენ თუ ჩემი კეთილისმსურველი ხარ და გინდა ჩემი ქვეყნის განვითარება, ზრუნავ ქართველ ხალხზე, ქართულ სახელმწიფოზე, რატომ მომიწოდებ ისეთ რაღაცას, რომელიც ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის? ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და მივერთებოდით სანქციებს, რა მდგომარეობა გვექნებოდა ეკონომიკურად?“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ქვეყნის ომში ჩართვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი პასუხობს, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს, რომელთა გასაჯაროებაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება.
„პირდაპირ მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მიდიოდა პრემიერის კაბინეტში, რომ ქვეყანაში გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი; დაპირებები, რომ ჩვენ დაგეხმარებით ყველაფრით, უზრუნველყოფილი იქნებით შესაბამისი ტექნიკით და ა.შ. რა თქმა უნდა, არსებობს ამის მტკიცებულება და თუ საჭიროება იქნება, აუცილებლად ვიმოქმედებთ, მაგრამ ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობს ასე იყოს, როგორც არის. შენ მაშანტაჟებ, თითქოს, მე არ მინდა ევროპა და ევროკავშირი, მე კი გეუბნები, რომ ყველა წინაპირობა, რაც არის გაწერილი ასოცირების ხელშეკრულებით, შესრულებული მაქვს; იმ ქვეყნებზე წინ ვარ, რომელთაც ჩემზე წინ აყენებ; იღებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მე მსჯი უსამართლოდ. აქედან გამომდინარე, გეუბნებით, რომ ჩვენ ყველაფერი გაკეთებული გვაქვს. გახსენით მოლაპარაკებები, დღესვე მივიღებთ გადაწყვეტილებას და გაიხსნება მოლაპარაკებები. გინდათ, მოლაპარაკებები გახსნათ? - მზად ვართ! გინდათ, ევროკავშირში მიგვიღოთ? - მზად ვართ!
ისიც გვესმის, რომ ეკონომიკურად ქვეყანა უნდა გაძლიერდეს, წინ წავიდეს, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ეს ასე მარტივი არ არის, რაც კარგად გვესმის, მაგრამ რატომ გვაშანტაჟებთ მუდმივად, ხან კანდიდატის სტატუსის, ხან მოლაპარაკებების გახსნით? ახლა უკვე ვიზალიბერალიზაციის თემით? კანდიდატის სტატუსმა ვერ გაჭრა და ვერ მოაწყვეთ რევოლუცია, მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნამაც ვერ გაჭრა და ახლა ვიზალიბერალიზაციის თემით ცდილობთ, მაგრამ აქაც დამარცხდებით, რადგან რადიკალიზმი, ბოროტება, აგენტურა, ყოველთვის განწირულია მარცხისთვის“, - განმარტა თბილისის მერმა.
სხვა სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ
11.09.2026.20:45
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ. ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა პაატა კეშელავას ახალი მანდატის ფარგლებში საქმიანობის დაწყება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
შეხვედრა უსკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ უსკოს წევრები, ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, რეგიონული კოორდინატორები ზვიად თენეიშვილი და მანუჩარ გამყრელიძე, აჭარის მასშტაბით მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მსგავსი, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციების კოორდინაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ცესკოსა და უსკოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების განსაზღვრა. აღინიშნა, რომ ცესკო მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს უსკოსთან პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას.
შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი საქმიანობის მიმართულებები, საერთო პრიორიტეტები და საკითხები, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაციებს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაცია დასჭირდებათ. მხარეებმა ისაუბრეს საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის, ამომრჩეველთა ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე. ასევე განიხილეს დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების კოორდინაციისა და საზოგადოების ინფორმირების ეფექტიანი მექანიზმები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ადგილობრივ გამოცდილებასთან ეფექტიანი ინტეგრირება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სამუშაო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგი მომავალში აქტიურ და მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება.