გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ალექსანდრე კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად.
ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასევე მუშაობდა მკვლევარად და უძღვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში.
ალექსანდრე კარტოზიამ, როგორც მეცნიერმა და მთარგმნელმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში.
2022 წელს ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით - „დამსახურების ჯვრით“ დაჯილდოვდა.
სხვა სიახლეები
23.09.2025.15:30
„არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და წინასაარჩევნო პერიოდმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის ერთადერთი რეალური კანდიდატია“, - ამის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ნინო ვარდოსანიძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა ქალაქისთვის და ფაქტობრივად, დღე არ გადის ისე, რომ მიმდინარე თუ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდოს თბილისის მცხოვრებლებს.
„მთავარი არის ფაქტები, შედეგი და რეალობა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მომავლის ხედვა და კონკრეტული გეგმა. ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა პროექტებია დაგეგმილი ამა თუ იმ მიმართულებით, რადგან დანამდვილებით ვიცით, რომ ქართული ოცნების და კახი კალაძის პირობებში ყველა ეს დაპირება აუცილებლად შესრულდება. ყველას გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა საარჩევნო პროგრამა, ძალიან კონკრეტული და მნიშვნელოვანი პროექტების ჩამონათვალი, რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თბილისს კიდევ უფრო ლამაზ, კომფორტულ და ევროპულ ქალაქს გახდის. 4 ოქტომბერი კი იქნება გამარჯვების დღე და მეტი სიკეთის მომტანი თბილისისთვის და მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნინო ვარდოსანიძემ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ საარჩევნო დაპირებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქმიანი საუბრის ნაცვლად ოპოზიცია ცრუ მოლოდინებს უქმნის საზოგადოებას, რითიც საკუთარ ამომრჩეველს მორიგ ჯერზეც იმედს გაუცრუებს.