გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება, საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ - ოლაფ შოლცი
გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება, - ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ.
„მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის. გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება. ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ.
ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აგრძელებს თავის იმპერიალისტურ გეგმებს. ეს ეხება არა მარტო რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, არამედ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველო თვითონაც გახლდათ 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ნაწილები რუსული უკანონო ოკუპაციის ქვეშ არის და სწორედ ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავუსვათ ამას ხაზი. ჩვენ ვერ და არ შევეგუებით ამას. გერმანია კვლავაც მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს შიგნით. ასევე ჩვენ მხარს დავუჭერთ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიებს, სადაც გერმანიას ყველაზე მეტი პერსონალი ჰყავს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ იმ სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა.
დიდი მადლობა თქვენი ვიზიტისთვის და მიხარია მომავალი თანამშრომლობა", - აღნიშნა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
07.04.2026.15:05
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტების მნიშვნელობაზე ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორებში. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე რეგიონში დამატებითი ტვირთის მოზიდვისა და არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ისე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
აღინიშნა, რომ ეფექტურად ფუნქციონირებს საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების ერთობლივი კომპანია, რომელსაც 2025 წლიდან ჩინური მხარე შეუერთდა. მხარეების შეფასებით, ერთობლივი საწარმო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტურ ფუნქციონირებასა და ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების სფეროში კოორდინაციის გაუმჯობესებაში.
მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს საქართველოში მიმდინარე მსხვილი, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობას, მათ შორის, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი და რკინიგზის მილიარდიანი ინვესტიცია სალოკომოტივე და სავაგონე პარკის განახლებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა, გენადი არველაძემ და ინგა ფხალაძემ, აგრეთვე საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.