გამოწვევებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებაზე მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით არსებული მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციები - ვახტანგ ცინცაძე
ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის, „კარგი მთავრობის ინდექსის" შეფასების მიხედვით, ცვლილებებზე ეფექტურად რეაგირების კუთხით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ რეიტინგის თანახმად, საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია.
„თუ შევხედავთ ევროპის ქვეყნებს, საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში ხვდება და ამ კომპონენტის მიხედვით მას მხოლოდ ლუქსემბურგი უსწრებს. უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ცვლილებებსა თუ გლობალურ გამოწვევებზე რეაგირების კუთხით საქართველო ყოველთვის დროულ პოლიტიკის გადაწყვეტილებებსა თუ ქმედებებს ახორციელებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტმა, ცვლილებებზე ეფექტურად რეაგირების შეფასება „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის" ფარგლებში გამოაქვეყნა. რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე „რამდენად ეფექტურად რეაგირებს მთავრობა ცვლილებებზე". გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო - მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 6 ადგილით დაწინაურდა და 11-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო სამეულში კი მეორე ადგილი დაიკავა. ევროპის საუკეთესო სამეულს : ლუქსემბურგი, საქართველო და შვეიცარია წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის თანახმად, საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 32 სახელმწიფოს.
ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ სწორედ გლობალურ ცვლილებებსა თუ გამოწვევებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებაზე მეტყველებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით არსებული მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციები.
„ამის ნათელი დადასტურებაა ის ეკონომიკური შედეგები, რომლებიც საქართველოს აქვს - გლობალურად ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და მოსალოდნელია, რომ ამ კუთხით მოწინავე პოზიციას მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ - თამარ იოსელიანი
10.12.2025.16:14
საქართველო საგზაო ტრანსპორტის რეგულირების უმსხვილესი ევროპული ორგანიზაციის CORTE-ს სრულფასოვანი წევრი გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, CORTE-ს წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, უფრო სანდოს და კონკურენტულს გახდის ჩვენს ქვეყანაზე გამავალ საერთაშორისო საგზაო დერეფანს. „თუ ჩვენ ვსაუბრობთ მდგრად, დივერსიფიცირებულ და ეფექტურ მარშრუტებზე, აქ შუა დერეფანი და შესაბამისად, მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - საქართველო, უალტერნატივოა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვა მოკლე ვადაში, უსაფრთხოდ და ეფექტური რეგულაციით მოვახდინოთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის თქმით, ინტერმოდალური გადაზიდვების სექტორში მნიშვნელოვანი ადგილი საავტომობილო ტრანსპორტს უკავია, რომლითაც ტვირთების გადაზიდვის სექტორში საქართველოს მდგრადი დინამიკა აქვს. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ სწორი რეგულირება, რათა სწრაფად და უსაფრთხოდ მოხდეს ტვირთების გადაზიდვა და დავიცვათ საგზაო უსაფრთხოების ნორმები. სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა ევროპულ ორგანიზაცია CORTE-ში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ისინი დინამიურად აისახოს კანონმდებლობაში", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
CORTE - ში საქართველოსთან ერთად 31 ქვეყნის საგზაო ტრანსპორტის 35 მარეგულირებელი ორგანიზაცია, პროფილური ასოციაციები და კერძო კომპანიები არიან გაწევრიანებული. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობების განსაზღვრა, ტაქოგრაფი, ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა, მძღოლთა მობილობა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები, საგზაო უსაფრთხოება და სხვ.