გამიხარდება, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ წასვლა ვისაც მოუნდება, მხოლოდ დასვენების თვალსაზრისით წავიდეს და არა სამუშაოდ - კახა კალაძე
გამიხარდება, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, კეთილდღეობა, რომ წასვლა ვისაც მოუნდება, მხოლოდ და მხოლოდ დასვენების თვალსაზრისით წავიდეს და არა სამუშაოდ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მიგრაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
მისი განმარტებით, ის პოლიტიკა, რომელსაც მმართველი გუნდი ატარებს, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისკენაა მიმართული, რადგან მშვიდობის გარეშე ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი ზედმეტია.
„როდესაც გახსნილია ყველაფერი და ვიზის გარეშე შეგიძლია გადაადგილება სხვადასხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ევროპულ ქვეყნებში ბევრი ადამიანი მიდის. თუ საქართველოს შევადარებთ, ისინი უფრო განვითარებულები არიან და ძლიერი ეკონომიკა აქვთ. საქართველო განვითარებადი ქვეყანაა. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ეკონომიკურად ვვითარდებით. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სიმშვიდე. ჩვენი მიზანია, რომ დავეწიოთ და თუნდაც გავუსწროთ ევროპულ ეკონომიკებს. ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, მიმართულია იმისკენ, რომ პირველ რიგში, ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა. თუ მშვიდობა არ გვექნება, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ვერ ვისაუბრებთ და ეკონომიკური განვითარებაც ვერ გვექნება. ამიტომ, მე გამიხარდება, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გავიდეს ქვეყნიდან - მათ შევუქმნათ ისეთი პირობები და ქვეყანაში იყოს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, კეთილდღეობა, რომ წასვლა ვისაც მოუნდება, მხოლოდ და მხოლოდ დასვენების თვალსაზრისით წავიდეს და არა სამუშაოდ. ამიტომ, უნდა შევქმნათ ისეთი პირობები ქვეყნის შიგნით, რომ იყოს ღირსეული სამუშაო პირობები და ეკონომიკური კეთილდღეობა იგრძნოს ყველამ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი პასუხობს, რომ 2012 წელთან შედარებით, ქვეყანა ვითარდება, თუმცა ხელისუფლების ამოცანაა, კეთილდღეობა კიდევ უფრო მეტმა ოჯახმა იგრძნოს.
„ყველაფერი ხომ შედარებითია? მე თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ იმ ეკონომიკური მდგომარეობით, განვითარებით, როგორიც აქვს საქართველოს? ცხადია, არ ვარ. მე, ზოგადად, მაქსილამისტი ვარ და მინდა უფრო მეტი. მინდა, უფრო ძლიერად იყოს ეკონომიკურად ჩემი ქვეყანა. 2012 წლიდან თუ შევადარებთ, ცხადია როგორ ვითარდება ქვეყანა ეკონომიკურად, მაგრამ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, მეტი კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ოჯახში. ამისკენაა მიმართული ის პოლიტიკაც, რომ შენარჩუნდეს მშვიდობა. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა, არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, მეორე ფრონტი გაგვეხსნა, მე და თქვენ დღეს აქ ვერ და არ ვიდგებოდით. შვიდობისგარეშე წარმოუდგენელია რაიმე ეკონომიკური კეთილდღეობა მოხდეს ქვეყანაში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.07.2025.18:54
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ბოლო წლებში არსებული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას.
განიხილეს ერთობლივი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები. ხაზი გაესვა აღნიშნული პროექტების მნიშვნელობას შუა დერეფნის განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დადებით ტენდენციებზე.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.