გამაოგნებელია, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე, ვიღაცეები ახერხებენ და იცლიან იმისთვის, რომ „ფეიკები“ აკეთონ, სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ პოლიტიკოსზე - მამუკა მდინარაძე
გამაოგნებელია, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე, ვიღაცეები ახერხებენ და იცლიან იმისთვის, რომ დასხდნენ და „ფეიკები“ აკეთონ. სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ ადამიანზე, პოლიტიკოსზე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ შოვში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ფეიკები“ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, კახა კალაძეზე და ირაკლი კობახიძეზე გავრცელდა.
მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ოპოზიციას, ამ დღეებში მაინც შეიკავონ თავი პოლიტიკური ოპონენტების დაზიანებისგან.
„სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ ადამიანზე, პოლიტიკოსზე. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით დღეს, გუშინ, გუშინწინ, კახა კალაძეზე და ირაკლი კობახიძეზე, ჩვენზეც, დანარჩენებზე, ყველაზე. ამ პერიოდში ადამიანები ახერხებენ და მორალი აძლევთ იმის საშუალებას, რომ რისი მსგავსიც არ გაუკეთებიათ, ინტერპრეტირება რომ შეიძლებოდეს, ისეთი კი არა, საერთოდ რომ არ გაუკეთებიათ, ასეთ განცხადებებს ავრცელებენ და აყალბებენ და ამით აბრაზებენ საზოგადოებას. სამწუხაროდ, ვიღაცეები იჯერებენ. წარმოიდგინეთ, დაზარალებული ოჯახის ერთერთმა წევრმაც კი, როგორც მეუბნებიან, გააზიარა, იმდენად გავრცელებული იყო, არაერთი გაზიარება ჰქონდა ერთერთ ასეთ „ფეიკს“. ეს სამწუხაროა. ცოტა ხანი ხომ შეიძლება გაჩერდნენ ეს ადამიანები და გლოვის დღეს, ასეთი უბედურების დღეებში, თავისი ოპონენტის, ამ შემთხვევაში ხელისუფლების რომელიმე ლიდერის პოლიტიკურ დაზიანებაზე არ იფიქრონ და ამით არ იყვნენ დაკავებული. ყველას მოვუწოდებ, ამ უბედურების, ტრაგედიის ირგვლივ მაინც შევძლოთ რამდენიმე დღით გაერთიანება და არ დააბრალონ არავის არაფერი. პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოთ, ამას ვინ დაგიჯერებს, მაგრამ როდესაც სიცრუის ტირაჟირებასაც არ ერიდებიან, ეს უკვე ამაზრზენია ამ ყველაფრის ფონზე, რაც აქ ხდება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.13:58
თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელები მოეწყო, ამ ეტაპზე კი 4 000 კვ. მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე იხარჯება.
„მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. აქ წლების წინ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა - მანქანით გავლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო და არ არსებობდა არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაცია. მოსახლეობას დავპირდით, რომ დავიწყებდით პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებში მოეწყობოდა ყველა საჭირო მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდებოდა საგზაო ინფრაქტრუქტურა და იმოძრავებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დღეისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ხვანჭკარის ქუჩაზე. პროექტი მიმდინარეობს შოვის ქუჩაზეც, თუმცა სამუშაოებს ამით არ ვამთავრებთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ქუჩა და ჩიხია მოსაწესრიგებელი. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ვახორციელებთ ძალიან საჭირო პროექტს ზედა დასახლებაში - ეწყობა სანიღვრე სისტემა, მონტაჟდება კოლექტორი, რომელიც ბორჯომის ქუჩაზე იქნება დაერთებული. სამუშაოებს ვაგრძელებთ და გვინდა, უახლოეს მომავალში აღნიშნული დასახლება სრულად მოვიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე, ვარდისუბნის IV შესახვევში, ნეკრესის, დაისის, ბორჯომის, ვანისა და ბორითის ქუჩებზე გზის მოწესრიგება უკვე დასრულდა. რვავე ქუჩაზე, მთლიანად შვიდ კილომეტრამდე საგზაო მონაკვეთი, 30 000კვ. მეტრი ფართობი რეაბილიტირდება, რისთვისაც გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 4 000 000 მილიონამდე ლარი იხარჯება. საგზაო სამუშაოებამდე ტერიტორიაზე მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელებიც.
გარდა ამისა, გამგეობა კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს გეგმავს, რომელზეც დაერთდება ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთისა და შემდგომში დაგეგმილი სხვა ქუჩების სანიაღვრე სისტემები. უკვე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი.
ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე და პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გაეცნენ.