გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა და ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია - მაკა ბოჭორიშვილი
გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს, ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა და ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან კონფერენციაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს რეგიონულ როლზე დაკავშირებადობის კუთხით
„გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს, ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა. ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განხორციელდება პრემიერ-მინისტრის დონეზე და მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს რეგიონულ როლზე დაკავშირებადობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ზოგადად, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რასაც საქართველო აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას. ეს კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ საქართველოს როლი წინ წამოვწიოთ და ვისაუბროთ საქართველოს როლზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის შემადგენელ ნაწილზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.08.2025.20:00
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მასთან ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაძლიერების მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებას, სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს, ასევე პროფესიული განათლების სფეროში პარტნიორობას, მათ შორის ვეტერინარიისა და მედიცინის მიმართულებით.
მხარეებმა შეხვედრაზე მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზეც იმსჯელეს, რაც მოიცავს ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ახალი ინიციატივების განხორციელებას.
ხაზი გაესვა „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში დაგეგმილია ორივე ქვეყნის განათლების სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება შეთანხმების პროექტი.
აღსანიშნავია, რომ დასრულებულია მუშაობა ახალგაზრდობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი ახლო მომავალში მოეწერება.
შეხვედრის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.