ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე საუბარი საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია - ილჰამ ალიევი
საქართველო-აზერბაიჯანს გვაერთიანებს სხვადასხვა პროექტი, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის ნავთობისა და გაზის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების პროექტები. დიდი მნიშვნელობის პროექტებია და არა მარტო სამხრეთ კავკასიის, ევრაზიის სატრანსპორტო რუკას ქმნის, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე საუბარი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე.
„დღეს ჩვენ თუ ვისაუბრებთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე, ეს წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. აზერბაიჯანი საქართველოს გავლით 12 ქვეყანაში აწვდის თავის ნავთობსა და გაზს. ეს ხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით. სატრანსპორტო კომუნიკაციების სფეროებში გვაქვს პორტების, გზების ინფრასტრუქტურული პროექტები. შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია ეს ჩვენი პროექტები. დღეს სამხრეთ კავკასიაში თუ ვისაუბრებთ შუა დერეფანზე, ეს აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი კორიდორია და ჩვენი ქვეყნების ტერიტორიებზე გამავალი ტვირთების ოდენობა იზრდება“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
მისივე განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში, მნიშვნელოვანია.
„საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ შემიძლია, ბევრი ვისაუბრო. მხოლოდ ის მინდა აღვნიშნო, რომ ამის შემდგომაც ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ბატონ პრეზიდენტს. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანელი ხალხი მაღალ შეფასებას აძლევს მის გადაწყვეტილებას. არჩევის შემდეგ პირველ ვიზიტს აქვს სიმბოლურობა და ამ ვიზიტის აზერბაიჯანში განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტი განახორციელა აზერბაიჯანში. ამისთვის ჩვენ მადლობლები ვართ და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
29.05.2025.22:34
ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო დამოუკიდებლობისთვის მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა და ეს ბრძოლა ქართველების გენეტიკურ კოდშია.
„ეს ბრძოლა გრძელდება. ახლა ბრძოლა გვიწევს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. უნგრეთი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლაში. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი მეგობრების - უნგრეთის მთავრობის მიმართ. ჩვენს ერებსა და მთავრობებს შორის ძლიერი მეგობრობა, თანამშრომლობა არსებობს და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი დაესწრო.
იანოშ ბოკამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უნგრეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ.
„ნება მომეცით, გადმოგცეთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და უნგრეთის მთავრობის მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში მაშინ, როცა თქვენი გაჩუმება სურთ. თქვენ გვერდით ვართ ყოველთვის. ჩვენი ერები კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. ორივემ ვიცით, რომ ეს იოლად მოსაპოვებელი არ არის და არც უფასოა.
ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს ფასეულობებს. ორივე ევროპელი ერი და ამაყი ქვეყანა ვართ და გვინდა ასეთად დავრჩეთ. თავისუფლების ორი კუნძული ვართ ძველი, ახალი იმპერიების ოკეანეში. ჩვენ ხელს ვუწვდით ერთმანეთს, ვაშენებთ ხიდებს და მომავალს ჩვენი შვილებისთვის. დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ ჩვენი მხრიდან ერთგულების დასადასტურებლად. დაე, საქართველოში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა.მრავალჟამიერ არსებობდეს ამაყი ქართველი ერი”, - განაცხადა იანოშ ბოკამ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.