EPC-ის სამიტის ფარგლებში პრემიერი სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში, საუბარი იქნება საქართველოს ეკონომიკაზე, რომელსაც რეგიონში ყველაზე დიდი ზრდა აქვს უკვე ბოლო 2 წელია, პრემიერ-მინისტრი შეუერთდება საფრანგეთის ინიციატივას ანტინარკოტიკული კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით - ლევან ჟორჟოლიანი
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-7 სამიტში, რომელიც ქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სამიტზე პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში და ისაუბრებს ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ევროპაშია და იმ დამოკიდებულებებზე, რომლებიც ევროპის ეკონომიკას აქვს.
„ასევე საუბარი იქნება საქართველოს ეკონომიკაზე, რომელსაც რეგიონში ყველაზე დიდი ზრდა აქვს უკვე ბოლო 2 წელია.
ასევე იქნება შეხვედრების შესაძლებლობა ლიდერებთან. EPC-ის სამიტი იძლევა ამის საშუალებას, რომ მაქსიმალურად არაფორმალურ გარემოში მოხდეს ლიდერებს შორის ურთიერთობა, კონტაქტი და გარკვეული საკითხების განხილვა.
პრემიერ-მინისტრი შეუერთდება საფრანგეთის ინიციატივას ანტინარკოტიკული კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით. ნარკოტიკების წინააღმდეგ და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა არის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტი და ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს. სულ რამდენიმე დღის უკანაც და ასევე ბოლო 3 თვის განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობა ნარკოტიკები იქნა ამოღებული საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე, რამდენიმე ათეული მსხვილი ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრი ამ ევროპულ ინიციატივას აუცილებლად შეუერთდება, რაც უკვე დადასტურებული გვაქვს სამიტის ორგანიზატორებისთვის", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.14:21
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს. მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად რუსთავში საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფილიალში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნები იყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია უსინათლო ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე სთავაზობს. 30 სექტემბერს გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.