Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული $6.6 მილიარდიანი ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არამხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ ლოგისტიკის, განვითარებისა და ინოვაციების გრძელვადიან პარტნიორადაც აღიქვამს - პრემიერი
ინვესტორთა ნდობა იზრდება, Eagle Hills-ის მიერ ახლახან განხორციელებული 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არამხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ ლოგისტიკის, განვითარებისა და ინოვაციების გრძელვადიან პარტნიორადაც აღიქვამს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის ბიზნესისთვის მზაობის რეიტინგში საქართველო 101 ქვეყნიდან საუკეთესო ოთხეულშია 2025 წლის მონაცემებით კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად.
„ასევე, ეფექტურობისა და დავების ოპერატიული გადაწყვეტის მხრივ, მეორე ადგილზე ვართ მსოფლიოში, ხოლო ბიზნესის ადგილმდებარეობის მხრივ - მეოთხე. Fraser Institute-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის ინდექსით, მსოფლიოს 165 ქვეყნიდან 25-ე ადგილზე ვართ. დანაშაულის მსოფლიო სტატისტიკის 2025 წლის ინდექსში NUMBEO საქართველოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ოცეულში ასახელებს. ეს ყველაფერი ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინვესტიციებისთვის, ბიზნესის ზრდისა და საერთო ეკონომიკური სტაბილურობისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
27.03.2026.14:43
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა არჩევნების ადმინისტრირებაში – ციფრული ინოვაცია, შესაძლებლობების განვითარება და ინსტიტუციური სწავლება“, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.
საერთაშორისო კონფერენცია სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით ერევანში გაიმართა და მასში საარჩევნო ორგანოების მსოფლიო ასოციაციის (A-WEB) აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. კონფერენციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციიდან ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და წევრები გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი დაესწრნენ. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიაში სესიაზე „შესაძლებლობების განვითარება და ინსტიტუციური თანამშრომლობა“, სადაც გიორგი კალანდარიშვილმა, როგორც მთავარმა მომხსენებელმა, პრეზენტაცია წარადგინა და საარჩევნო სისტემების გაძლიერებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი. მათ შორის, კონფერენციის ერთ-ერთი სესია დაეთმო ციფრულ ტრანსფორმაციას არჩევნების ადმინისტრირებაში. განიხილეს ის ციფრული ინსტრუმენტები და ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებმა დანერგეს საარჩევნო სისტემებში, ისაუბრეს მათი გამოყენების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სომხეთში დაგეგმილი არჩევნების სამზადისსაც გაეცნენ. სომხეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს ინფორმაცია და განიხილეს არჩევნების ადმინისტრირების საკითხები.
საქართველოს ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამავდროულად გამართა სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციების წინაშე არსებული გამოწვევები, საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საერთაშორისო კონფერენცია ერევანში 25 მარტს გაიმართა.