ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური დამოუკიდებლობა, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ სუვერენული გადაწყვეტილებები მიიღო და შენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდე - ლევან დავითაშვილი
„ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს გაერთიანება, სუვერენიტეტის შენარჩუნება და გამყარებაა, კეთილდღეობა და წინსვლა და სიღარიბის სრულად დაძლევა. ეს არის უმთავრესი მიზნები, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება მუშაობს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ეროვნულ იდენტობას და თვითშეგნებას კიდევ უფრო გაამყარებს", - პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქვეყნის წინსვლა და წარმატებები უსურვა, მათ შორის ეკონომიკური კუთხით.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საუბრისას აქცენტი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზეც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის სუვერენიტეტი ბევრ რამეში გამოიხატება, ეს არ არის მხოლოდ ფურცელზე აღიარებული დამოუკიდებლობა, არამედ რეალურად, შინაარსობრივად სხვადასხვა მიმართულებით სუვერენული უფლების ქონა - როდესაც ქვეყანა თავად იღებს გადაწყვეტილებებს და ნაკლებადაა სხვაზე დამოკიდებული.
„ვფიქრობ, რომ ერთობით, მონდომებით, ერთსულოვნებით შეგვიძლია არამარტო შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, არამედ გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა, საქართველოს აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე. ეს თითოეული ჩვენგანის მიზანია და ვფიქრობ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიზანს ვაღწევთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური დამოუკიდებლობა, რომელიც ბევრ რამეს მოიცავს - ეს არის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, სასურსათო დამოუკიდებლობა, ბევრი იმ რესურსის არსებობა, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ სუვერენული გადაწყვეტილებები მიიღო და შენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდე. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იბრძვის ყოველდღე საქართველოს მთავრობა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში წელსაც აქტიურად მონაწილეობს და რამდენიმე რეგიონში საინტერესო, მრავალფეროვანი პროგრამითაა წარმოდგენილი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, ინფორმაცია მიიღონ სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ. მათ შორის - ქუთაისშია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების და „საქართველოს ფოსტის" მიერ მოწყობილი სივრცეები, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ზუგდიდში, ენერგეტიკოსები კი წელს ოზურგეთში არიან წარმოდგენილი. ასევე ხონში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო ფოთში - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
„ყველა ეს მიმართულება აჩვენებს ამა თუ იმ დარგში პროგრესს, რომელსაც საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მიაღწია. ვფიქრობ, საინტერესოა, ვიცოდეთ, თუ რა პროგრესი გვაქვს ბოლო წლებში, რა მიზნებს ვისახავთ და დაახლოებით 2030 წლისთვის რას უნდა მიაღწიოს ქვეყანამ ამა თუ იმ დარგში. ეს ყველაფერი ერთიანად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და რა თქმა უნდა, ამყარებს ქვეყნის სუვერენიტეტს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სხვა სიახლეები
28.05.2025.16:51
იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აშშ-ს საელჩოს განცხადებას პასუხობს.
„მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა“, - წერია განცხადებაში.
მისი თქმით, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში.
„აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.
შეიძლება მათ თქვან, რომ მე, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი.
იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.